მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“წლის ბოლოს ფართის დაცლა მოუწევთ” - "ავერსი ფარმა" ინფექციურ საავადმყოფოზე

61c98562e05fb
ანუკა ჯოხაძე
27.12.21 13:32
3180
თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოს შენობა 2009 წლიდან კერძო მფლობელობაშია. მისი მესაკუთრე "ავერსი ფარმაა", რომელმაც სახელმწიფოსგან აღნიშნული ტერიტორია 12,5 მილიონ დოლარად 12 წლის წინ შეიძინა, თუმცა მიუხედავად ამისა, მფლობელი არსებულ შენობას ვერ იყენებს.

2020 წლის ზაფხულში ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის შეძენა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაანონსა. მალევა ცნობილი გახდა, რომ 33 მილიონ ლარად დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე ინფექციური საავდმყოფოსთვის ახალი შენობა იყო შეძენილი, თუმცა ამ დრომდე ადგილზე სარემონტო სამუშაოები არ დაწყებულა, შესაბამისად, ინფექციური საავადმყოფო ფუნქციონირებას ისევ ყაზბეგის გამზირზე განაგრძობს.

როგორც დღეს BM.GE-თან სატელეფონო საუბარში "ავერსი ფარმას" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძე განაცხადა, ინფექციურ საავადმყოფოს შენობის დაცლა მიმდინარე წლის ბოლო მოუწევს, რადგან სამმხრივი ხელშეკრულების ვადა "ავერსი ფარმას", ინფექციურ საავადმყოფოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის 2021 წლის 31 დეკემბერს იწურება.

“ხელშეკრულების ვადა  წლის ბოლოს იწურება და  ფართის დაცლა მოუწევთ. შეძენილი აქვთ შენობა, გადახდილია 32 მილიონი ლარზე მეტი. შენობა წელიწადნახევარია მათ საკუთრებაშია, თუმცა ეს შენობა როგორც შეიძინეს ისეთ მდგომარეობაშია, არ აღჭურვილა შენობა სამედიცინო ტექნოლოგიებით და არც სარემონტო სამუშაოები დაწყებულა. შესაბამისად, ამხელა ღირებულების ქონება არის გაჩერებული. როგორც ვიცი, სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადეს 2-ჯერ, თუმცა ვერცერთი ვერ შედგა. შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობა არის ის, რომ აქვთ ძალიან ძვირფასი შენობა, რომელსაც წელიწადნახევარია არ არემონტებენ და არ გადადიან, დაკავებული აქვთ ჩვენი ფართი, რომლის დაკავებაც 31 დეკემბრიდან მათი მხრიდან იქნება უკანონო. ჩვენ მოვითხოვთ ფართის დაცლას”, - აცხადებს "ავერსი ფარმას" გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე.

"ავერსი ფარმას" გენერალური დირექტორი იმასაც ამბობს, რომ ინფექციურ საავდმყოფოს აქვს 2019 წლის საიჯარო ვალდებულება - 428 000 ლარი, რომელიც არ დაუფარავს. მისი თქმით, ამ მიმართულებით "ავერსი ფარმა" შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დაწყებასაც აპირებს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის ზაფხულში ინფექციური საავდამყოფოს დირექტორი ამბობდა, რომ მას აძლევდნენ მყარ გარანტიას იმის შესახებ, რომ ახალ შენობაში ინფექციური საავადმყოფო 2022 წლის 1 იანვრისთვის გადავიდოდა.

BM.GE დაუკავშირდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით როგორც ინფექციურ საავადმყოფოს, ისე ჯანდაცვის სამინისტროს, რომლის პასუხებსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები