ჩვენი შეკვეთების დაახლოებით 50% ავტომობილებით ხორციელდებოდა, - ამის შესახებ BM.GE-ს მიტანის მომსახურების კომპანია Wolt-ის გენერალურმა დირექტორმა ნატალია ხიზანიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვის მიტანის მომსახურების კომპანიებზე გავრცელებამ, Wolt პრობლემების წინაშე დააყენა.
"დღეიდან გვითხრეს, რომ ავტომობილებით საკვების მიტანა შეზღუდულია, ჩვენი შეკვეთების დაახლოებით 50% ავტომობილებით ხორციელდებოდა, რადგან შორ მანძილზე, ასევე სურსათის მიმართულებით ძალიან რთულია სკუტერით მიტანა, აქედან გამომდინარე, ვმუშაობთ შეზღუდული არეალით, რომელიც ხელმისაწვდომი ობიექტების მიმართულებით არის ძალიან შეზღუდული, ასევე გახანგრძლივდა მიტანის დრო, რადგან ძალიან დიდი დატვირთვა მოდის კურიერებზე, აქედან გამომდინარე, გვაქვს საკმაოდ შეფერხებული გრაფიკი. ვცდილობთ, რომ დავიმატოთ პარტნიორი კურიერები, რომლებიც სკუტერებით შეძლებენ გადაადგილებას, თუმცა არასახარბიელო ამინდი და ასევე, შეზღუდული დრო, რაც გვაქვს, დისტანციურ რეჟიმში ძალიან რთულს ხდის ამ ამოცანას ჩვენთვის. ბათუმში სხვა ტრანსპორტით გადაადგილება უფრო მარტივია, ამიტომ იქ უფრო მეტი მოტო და ველოკურიერი გვყვავს, ამიტომ ბათუმში ნაკლებად შეგვექმნა ამაზე პრობლემა. ძირითადი შეზღუდვა თბილისზე მოდის.
რაც შეეხება შეზღუდვის კონკრეტულ მიზეზს, განმარტება ამასთან დაკავშირებით არავის მოუცია, უბრალოდ გვითხრეს, რომ აღარ განგვეხორციელებინა მიტანა ავტომობილებით", - აცხადებს Wolt-ის გენერალური დირექტორი.
ნატალია ხიზანიშვილი ამბობს, რომ კომპანიამ დაიწყო უკვე არსებული გამოწვევის დაძლევის გზების ძიება და პარტნიორობისთვის მოტო და ველოკურიერებს ეძებს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ პარტნიორი კურიერების ამ მცირე დროში გაორმაგება საკმაოდ რთული იქნება.
"ხმამაღლა ვაცხადებთ, იმას რომ ვოლტი ეძებს მოტო და ველოკურიერებს.
ჩვენ მუდმივად ვიმატებდით პარტნიორ კურიერებს, თუმცა არსებულ ვითარებაში მოტოკურიერების გაორმაგება, რა რაოდენობაც ჩვენ 2 წლის განმავლობაში ავკრიფეთ, და საკმაოდ მოკლე ვადაში აყვანა, ადამიანური რესურსის კუთხითაც ძალიან რთულია და დროს მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ორი მიმართულებით ვმუშაობთ - ერთი, რომ არსებული შეკვეთები რამენაირად მივიტანოთ იმ მომხმარებლებთან, რომელთაც არ შეუძლიათ სახლიდან გასვლა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა, რომ ეს სწრაფად და ხარისხიანად განვახორციელოთ, თუმცა ამ რეალობაში ამის გაკეთება ძალიან გვიჭირს, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, არსებული ვითარებიდან გამოსავალს ახალი პარტნიორების დამატებაში ვხედავთ", - განაცხადა "ვოლტის" გენერალურმა დირექტორმა.
ცნობისთვის, "ვოლტთან" პარტნიორობით დაინტერესებულ პირებს აპლიკაციის შევსება კომპანიის ვებგვერდზე შეგიძლიათ.