Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორი, მამუკა მურჯიკნელი ამბობს, რომ ყაზახ პარტნიორებთან ერთად, აქთაუს პორტში მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობის საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
მისი თქმით, ჯერჯერობით პარამეტრები ზუსტდება და წლიური ბრუნვა, სავარაუდოდ, 1 მლნ ტონის იქნება.
"თავის დროზე ჩვენ მოვაწერეთ ხელი აქთაუს საზღვაო ნავსადგურთან და KazAzot-თან ერთად მემორანდუმს და შევთანხმდით, რომ ავაშენებთ სასუქების ტერმინალს. დღეს მიდის საკმაოდ ინტენსიური მუშაობა, მიდის პროექტის დამუშავება, ასევე გათვლა, თუ რა სიმძლავრეების უნდა იყოს ტერმინალი. ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომლებიც ყაზახეთში არიან, დავინახეთ პოტენციალი, რომ აუცილებელია ყაზახეთის პორტშიც აშენდეს თანამედროვე ტერმინალი, რათა ტვირთი დაგროვდეს იქ და შემდეგ მისი სწორი გადმოზიდვა მოხდეს, კასპიის ზღვის მეშვეობით და ეს ტვირთი მოხვდეს ჩვენს დერეფანში. შუა დერეფანი არაა მარტო საქართველოს და აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეგობრები ცენტრალური აზიიდან ასევე იყვნენ ჩართულები ამ მიმართულებით. საკმაოდ მძლავრი რეგიონია, სადაც სიმძლავრეები იზრდება და მნიშვნელოვანია იმ ნაწილს მოვემსახუროთ, რის მიღებასაც ჩვენი პორტები და რკინიგზა შეძლებს. იმედიანად ვარ, რომ ეს გაიზრდება მომავალში, იმედით ვუყურებთ პორტის მშენებლობას ანაკლიაში, სხვა პორტების განვითარებას. ჩვენ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და მთავარი მიზანია, რომ ჩვენს ქვეყანაშიც მოხდეს ანალოგიურად ახალი ტერმინალების აშენება",- ამბობს მამუკა მურჯიკნელი.