"არ უნდა იფიქროთ რომ ანტიდემპინგური კანონმდებლობის ამოქმედების შემდეგ სავაჭრო მოცულობა გაგეზრდებათ ან დაიცავთ ინდუსტრიას“, - ამის შესახებ bm.ge-ს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გენერალური დირექტორის მოადგილემ განუცხადა. ხიოჟუნი ი სიაოჭუნი ამბობს, რომ WTO-ს არცერთ წევრ ქვეყანაში ანდტიდემპინგური კანონმდებლობის ამოქმედებას სავაჭრო ბრუნვის გაზრდა არ მოჰყოლია.
„მსგავსი კანონი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ყველა წევრ ქვეყანაში არ მუშაობს. ბევრ განვითარებულ ქვეყანას არ აქვს ანტიდემპინგური კანონმდებლობა. თქვენ არ უნდა იფიქროთ რომ ანტიდემპინგური კანონმდებლობის ამოქმედების შემდეგ სავაჭრო მოცულობა გაგეზრდებათ ან დაიცავთ ინდუსტრიას. ხანდახან მსგავსი სავაჭრო ინსტრუმენტები საჭიროა, მაგრამ მე ვერ დაგისახელებთ ვერცერთ ჩვენ წევრ ქვეყანას რომელმაც გაზარდა სავაჭრო მოცულობა ანტიდემპინგური კანონმდებლობის დახმარებით.
ანტიდემპინგური კანონმდებლობა საჭიროა იმისთვის რომ მწარმოებლები დემპინგისგან დაიცვას. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია გაზარდოთ კონკურენტუნარიანობა, იმისთვის რომ გაუმკლავდეთ და გადარჩეთ სავაჭრო შეჯიბრებაში. ანტიდემპინგური კანონმდებლობა არ არის აუცილებლობა. ის არ არის გარანტია იმისთვის რომ წარმოების მოცულობას გაზრდით“, - ამბობს WTO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე.

























