„დარწმუნებული ვარ ხელისუფლების მხრიდან ხაზარაძის ამ გადაწყვეტილებას ანაკლიის პორტთან მიმართებაში გავლენა არ ექნება“ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ყოფილმა ბიზნესმენმა ილია წულაიამ განაცხადა.
როგორც წულაია აღნიშნავს, რაც შეეხება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და იმას, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განმახორციელებელი პირი შესაძლოა პოლიტიკაში წავიდეს, ეს მათი შესაფასებელია.
ილია წულაიას ხაზარაძის გადაწყვეტილებაზე წინასწარ შეფასებების გაკეთება უჭირს, თუმცა აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის მოძრაობის, ან პოლიტიკური გაერთიანების შექმნა კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებაა.
„მე ვერ შევაფასებ, ეს ამბავი რამდენად ცუდი, ან კარგია. ეს შემდგომ იმაში გამოიკვეთება, თუ რა მიმართულებას აიღებს. ისიც არ ვიცით საბოლოოდ პოლიტიკურ გაერთიანება იქნება თუ არა, სავარაუდოდ პოლიტიკური გაერთიანება იქნება.
ზოგადად პოლიტიკაში, თუ გაერთიანებაში წასვლა ეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, ეს უფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს და იმის შესაძლებლობა, რომ თუნდაც პოლიტიკური პარტია დააფუძნოს ამაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. რამდენად წარმატებული იქნება ამას დრო გვიჩვენებს.
ნებისმიერი ადამიანი, ბიზნესმენი, თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, როდესაც გამოდის ასპარეზზე მისი ხედვები თუ ქვეყნის ინტერესებს და დასავლურ კურსს ემთხვევა, რა თქმა უნდა მისასალმებელია.“ - განმარტა უმრავლესობის წევრმა.

























