მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს. მათ შორის, დამტკიცდა პროექტი, რომელიც პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებულ საკითხებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს განსაზღვრავს. აღინიშნა, რომ მოცემული სფერო, უსაფრთხოების კუთხით, მნიშვნელოვან რისკებს უკავშირდება და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მიღებამდე, პარაპლანით ფრენების სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობაა, დროებითი წესის საფუძველზე.
წარმოდგენილი პროექტით მტკიცდება „პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესი“.
პროექტი განსაზღვრავს პროცესში ჩართულ პირთა უფლება-მოვალეობებს, საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის წესს, ოპერატორის სერტიფიცირების საკითხს, მოთხოვნებს მფრინავის მიმართ, მფრინავთა კატეგორიებს/ქვეკატეგორიებს, მათი მინიჭების/აღიარების და გამოცდის ჩატარების წესს, პარაპლანისა და მისი ელემენტების ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის პროცედურას, ფედერაციის კომპეტენციასა და უფლება-მოვალეობებს, ზედამხედველობას ფედერაციის საქმიანობაზე, წესით გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად დაწესებული საფასურების ოდენობას და სხვა.
წესი არეგულირებს პარაპლანით კომერციულ, არაკომერციულ და საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენებს. წესი არ ვრცელდება ექსპერიმენტულ და საჩვენებელ ფრენებზე, თუმცა ასეთი სახის ფრენების შესრულებაზე განისაზღვრება გარკვეული მოთხოვნები.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პარაბლაიდინგის ფედერაცია ხდება გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია.
„წესის მიღების შემდეგ, ვერცერთი ინდ. მეწარმე, ვერცერთი იურიდიული პირი ვერ შეძლებს ფრენას, თუ თვითონ პილოტი არ არის პროფესიონალი, არ აქვს ჩაბარებული გამოცდა. აპარატურა უნდა იყოს გამართული. თითქოს ეს ყველაფერი ელემენტარულია, მაგრამ ფაქტია, რომ გაწერილი არ იყო. ასევე, მონიტორინგს განახორციელებს ფედერაცია, ხოლო ფედერაციაზე ზედამხედველობას განახორციელებს ეკონომიკის სამინისტროს საჰაერო ნავიგაციის სააგენტო. შს სამინისტროს ექნება ფუნქცია, რომ როცა ფედერაცია განსაზღვრავს ფრენის არეალებს, სწორედ ამ არეალის ფარგლებში, წესების დაცვაზე პასუხისმგებელი იყოს ფედერაცია და საჭიროების შემთხვევაში ამ წესების აღსრულებაში დახმარება გაუწიოს ფედერაციას შს სამინისტრომ", - განაცხადა წულუკიანმა.
რაც შეეხება უცხოელი მწვრთნელების შემთხვევის შესახებ bm.ge-ის შეკითხვას, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, მათ შეეძლებათ ოპერირება, თუმცა გარკვეული პირობებით.
„უცხოელ მფრინავებს პრობლემა არ შეექმნებათ. განურჩევლად მოქალაქეობისა, ამ სპორტში შეძლებენ ჩართვას გარკვეული პირობებით. ის ვინც ფრენას მართავს, უნდა იცოდეს თავის საქმე. გამოცდა უნდა ჰქონდეს ჩაბარებული. თუ მფრინავი უცხოელია და სურს საქართველოს მთა და ბარი გამოსცადოს, უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომლითაც შეძლებს ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედი ფედერაციის ნებართვის მარტივად მიღებას“, - განმარტა წულუკიანმა.
რაც შეეხება მათ, ვინც აქამდე გამოცდის ჩაბარების გარეშე დაფრინავდა, სპორტის მინისტრის თქმით, გამოცდის ჩაბარება მოუწევს, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა იყოს ის.
მინისტრის თქმითვე, ფრენები მხოლოდ დადგენილ არეალებში იქნება ნებადართული.
რაც შეეხება BM.GE-ს კითხვას, ხომ არ მოხდება გაიჯარება ტერიტორიების, ანუ ტენდერებით ტერიტორიების გადაცემა, წულუკიანი პასუხობს, რომ რომელი იურიდიული პირი, ან კომპანია რას გადაწყვეტს, ეს არ არის სახელმწიფოს რეგულირების თემა.
„სახელმწიფოს პრეროგატივაა, რომ თუ თქვენ გადაწყვეტთ პარაპლანით ფრენას, თქვენი განმრთელობა იყოს დაცული. ვინც არ უნდა დაკავდეს პარაპლანით ფრენით, იქნება ეს მფრინავი თუ მგზავრი, მფრინავს უნდა ჰქონდეს კომპეტენცია, აპარატი უნდა იყოს გამართული და არეალი უნდა იყოს განსაზღვრული“, - თქვა წულუკიანმა.
თავის მხრივ, „საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის“ ხელმძღვანელი, ირაკლი კაპანაძე განმარტავს, რომ ამა თუ იმ ტერიტორიაზე პარაპლანის ფრენის საკითხს, სერტიფიკატების შემოწმებას და წესების დაცვას სავარაუდოდ, ოპერატორები უზრუნველყოფენ.
"ახალი წესი სავარაუდოდ ითვალისწინებს პილოტების სერტიფიცირებას, მათი საფრენი აღჭურვილობის ვარგისიანობის შემოწმებას და იმ ადგილების სერტიფიკაციას, სადაც ასეთი ფრენები უნდა განხორციელდეს. პირველი ორი ნაწილი გასაგებია ყველასთვის, ხოლო რაც შეეხება მესამე ნაწილს, ეს არის ასაფრენი მოედნები, დასაჯდომი მოედნები და ა.შ. ეს წესი გულისხმობს შესაბამისი კომისიის მუშაობას, რომ ეს ადგილი კარგია, ეს ცუდია და ა.შ. გარდა ამისა, ამ ნაწილში მოიაზრება იურიდიული პირი - ოპერატორი, ეს არის მუდმივად ერთ ან რამდენიმე ადგილას მოქმედი ადამიანების ჯგუფი, ორგანიზაცია, რომელიც ვალდებულია დაუშვას მფრინავი შესაბამისი კვალიფიკაციით და ვარგისი საფრენი აღჭურვილობით. გარდა ამისა, განსაზღვრავს რიგითობას და ა.შ. ჩვენი შეხედულებით ოპერატორის არსებობა ამ ნაწილს მოაწესრიგებს.
გარდა ამისა, კანონში გაიწერება, რომ მაგალითად ამ ადგილას დაფრინავენ მფრინავები, იქნება ასეთივე საჰაერო სივრცე გამოყოფილი მაგალითად თბილისის ზღვაზე, ახმეტაში, თელავში, გუდაურში - სადაც კი ფრენები განგვიხორციელებია“, - განაცხადა მან და განმარტა, რომ მოედანზე სავარაუდოდ, ოპერატორი აიღებს ნებართვას და ის განსაზღვრავს რა ეღირება ფრენა და ა.შ.
პარაპლანისტებს ფრენების განახლება მთავრობის მხრიდან დადგენილების გამოცემიდან სავარაუდოდ, 30 დღეში შეეძლებათ. "მას შემდეგ, რაც დადგენილება გამოიცემა, უკვე ფედერაციაზე იქნება დამოკიდებული, გაწერილი ნორმების შესრულებისთანავე შესაძლებელი იქნება ოპერირების დაწყება", - თქვა მინისტრმა.
უკვე 9 თვეზე მეტია, საქართველოში პარაპლანით ფრენა აკრძალულია. გადაწყვეტილება მთავრობამ 2022 წლის 30 ივლისს მიიღო, მას შემდეგ, რაც გუდაურში ტრაგედია დატრიალდა. პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი პილოტისა და ტურისტის გადარჩენის დროს სასაზღვრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მაშინ განაცხადა, რომ პარაპლანით ფრენები პრობლემაა და რეგულაციების გამკაცრება იყო საჭირო.