"წვრილი და საშუალო ლომბარდები დახურვის რეჟიმში გადავიდნენ"
ელენე გოგბერაშვილი
04.02.19 19:17
• 3573
არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის ინფორმაციით, 1 იანვრამდე ბაზარზე 600-ზე მეტი ლომბარდი ოპერირებდა, სესხის გამცემი სუბიექტების ეროვნულ ბანკში რეგისტრაციისა და რეგულირების წესების ძალაში შესვლის შემდეგ კი, ბაზრიდან წვრილი და საშუალო ლომბარდების უმრავლესობა დახურვის რეჟიმში გადავიდა.
ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ლომბარდებს, რომელთაც 100 ათასლარიანი პორტფელი აქვთ, ეროვნულ ბანკში რეგისტრაციისთვის 10 ათასი ლარის გადახდა უწევთ, სხვა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო ფინანსური რესურსის მოცულობა კი, 20-25 ათას ლარს აღწევს.
შესაბამისად, ირაკლი ბერძენაძე ამბობს, რომ ლომბარდების დიდი ნაწილისთვის ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება რთულია, რაც მათი ბაზრიდან გაქრობას იწვევს. „წვრილი-საშუალო ტიპის ლომბარდების უმრავლესობა გადავიდნენ დახურვის რეჟიმში, მაგრამ მეორე კუთხით, მსხვილმა მიკროსაფინანსოებმა და ასევე ბანკებმა დაიწყეს კაბალური პირობების შეთავაზება ლომბადებისთვის, რომ მოეხდინათ პორტფელების ყიდვა.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ როგორც კი რეგულაციას მიეცა სამართლებრივი ძალა, ამის შემდეგ ბანკებმა წვრილ, საშუალო ტიპის ლომბარდებს გაუძვირეს საკრედიტო ხაზი, რომელიც ჰქონდათ ოქროთი უზრუნველყოფილი. ამიტომაც ბევრმა გაყიდა თავიანთი სასესხო პორტფელი, მაგრამ არის ბევრი კომპანია, რომელსაც პრობლემები ექმნება იმიტომ, რომ ვინც ვერ ყიდის, რადგან არ უღირს, ვალდებულებებსაც ვერ ფარავს, ამ შემთხვევაში თუ არ დარეგისტრირდნენ სებ-ში 2019 წლის აპრილის ბოლოდან მათ არ შეუძლიათ სესხების დახურვაც კი. ანუ ახალი რეგულაციით სებ-ი გეუბნება, რომ წლების განმავლობაში რომ ბიზნესს აკეთებდი ან უნდა დაასრულო 2019 წლის აპრილამდე ან მერე ვერაფერს ვეღარ ამოიღებ. მარტივად რომ ვთქვათ, ყველა გზა ჩაუკეტეს ლომბარდებს. ესეც ძლიან კარგად დაგეგმილი იყო და არანაირი კავშირი არ აქვს მომხმარებელთა ინტერესებთან“, - აცხადებს ირაკლი ბერძენაძე.