მესტიაში მდინარე მესტიაჭალას ადიდებისა და მის შედეგებთან დაკავშირებით "სვანეთი ჰიდრო" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ:
ძლიერი სტიქიის შედეგად მესტიაში მდინარე მესტიაჭალას ადიდებას უეცარი ტალღური წყალმოვარდნა მოჰყვა. სტიქიის პირველი დარტყმა 20 მგვტ-ის სიმძლავრის "მესტიაჭალა 1" ჰესის ინფრასტრუქტურამ მიიღო. ჰესმა მოვარდნილი ნაკადი შეაჩერა, რითაც დასახლებული პუნქტისათვის საფრთხე იქნა აცილებული. "მესტიაჭალა 1" დაბა მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარეობს.
რაც შეეხება "მესტიაჭალა 2"-ს, ისევე, როგორც მიმდებარე დასახლებას, სტიქია პრაქტიკულად არ შეხებია და მცირედი დაზიანების ლიკვიდაციის შემდეგ გააგრძელებს ფუნქციონირებას. 30 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური "მესტიაჭალა 2" უშუალოდ დაბა მესტიასთან მდებარეობს.
სტიქიამ ძირითადად მესტიაჭალას ხეობა და ჰიდროელექტროსადგური „მესტიაჭალა 1“-ის ნაგებობები დააზიანა. ამ ეტაპზე, პირველადი დათვალიერებით ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი შენარჩუნებულია. წყლის ნაკადის შემცირებისთანავე, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დაიწყებენ "მესტიაჭალა ჰესი 1"-ის ინფრასტრუქტურაზე გაწმენდით სამუშაოებს და ზიანის დადგენას", - ნათქვამია "სვანეთი ჰიდროს" განცხადებაში.

























