"მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ Cushman & Wakefield-ი წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავებაზე იწყებს მუშაობას", - ინფორმაციას ამის შესახებ თავად კომპანია ავრცელებს. როგორც ცნობილია, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავებას ითვალისწინებდა, კომპანია "ბაუ დიზაინმა" გაიმარჯვა.
“ბაუ დიზაინის” მიერ წარმოდგენილი გუნდი კი, დაკომპლექტებულია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ექსპერტებითა და დარგის სპეციალისტებით, რომელთა შორის Cushman & Wakefield-ის ადგილობრივი გუნდი და კომპანიის საერთაშორისო პარტნიორი ფრედერიკ ლე ფიშუ არიან.
Cushman & Wakefield-ის ინფორმაციით, ფრედერიკ ლე ფიშუს 17 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს ტურიზმისა და სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით, მას ნამუშევარი აქვს არაერთ მსგავს საერთაშორისო პროექტზე.
აღსანიშნავია, რომ საპროექტო ჯგუფს იტალიელი არქიტექტორი და ქალაქმგეგმარებელი მარკო არდიელი (Ardielli Fornasa Associati) უხელმძღვანელებს. მარკო არდიელს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ისტორიული ქალაქების ურბანულ დაგეგმარებაში, არის ურბანული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INU) და იტალიის არქიტექტორთა ასოციაციის წევრი.
კომპანიის ინფორმაციით, საპროექტო ჯგუფის კონსულტანტად მოწვეულია არქიტექტორი და კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი ფერუჩიო ტაზინატო. პროექტის ფარგლებში, წყალტუბოს გარემოს ნაწილზე იმუშავებს “გარემოსდაცვითი სამართლის და აუდიტის ცენტრი”. ტურიზმის ნაწილს კი, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია წარმოადგენს.
„მთელი გუნდი მიზანმიმართულია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის წარმატებით განხორციელებაზე. ჩვენი მთავარი მიზანია, წყალტუბოს უნიკალური ფუნქციურ-გეგმარებითი სტრუქტურის შენარჩუნება და კურორტის საზოგადოებრივ-კულტურული მიმართულების განვითარება, ისეთი კონცეფციის შემუშავება, რომელიც წყალტუბოს მსოფლიო ყურადღების ცენტრად აქცევს“, - აცხადებენ კომპანია Cushman & Wakefield-ში.

























