მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალტუბოს წყლები უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრებაში - მინისტრი ობიექტის $8 მილიონად გამოსყიდვაზე

62824d2449cd6
შოთა ტყეშელაშვილი
16.05.22 17:38
2324
ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ “წყალტუბოს წყლები” აუცილებლად სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იყოს.

bm.ge-ის კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა მთავრობამ ამ ობიექტის ბიზნესმენ თამაზ სომხიშვილის კომპანიისგან $8 მილიონად გამოსყიდვა, ეკონომიკის მინისტრი პასუხობს, რომ ფასი აუდიტორული კვლევით დადგინდა.

ლევან დავითაშვილი ასევე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც წყალტუბოს სამკურნალო მინერალური წყლების კომპანიამ სახელმწიფო საკუთრებაში გადაინაცვლა, ამ კურორტის მიმართ ინვესტორთა ინტერესი გაიზარდა.

“საუბარია იმაზე, რომ გვინდა კურორტის განვითარება მაღალი ხარისხის შესაძლებლობების მიცემით. წყალტუბოს აქვს უნიკალური წყლები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ უნდა იყოს სახელმწიფოს საკუთრებაში და თანაბარი წვდომა უნდა ჰქონდეს ყველა ინვესტორს, ვინც იქ ტურისტულ ბალნეოლოგიურ ინფრასტრუქტურას განავითარებს. ჩვენ ინტერესში იყო ზუსტად, რომ სახელმწიფოს ჰქონოდა ეს აქტივი. სამწუხაროდ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო, როდესაც ერთ ლიცენზიანტს ეძლეოდა უფლება ამ უნიკალური ბუნებრივი რესურსის გამოყენების.

პირველი ნაბიჯი სწორედ ეს იყო გენგეგმის შემუშავებასთან ერთად. იყო ექსპერტული შეფასებები ფასზე და აუდიტის შეფასება. მფლობელს გააჩნია უფლება დააფასოს ფასი.

წყალი უკვე არის ხელმისაწვდომი და დაინტერესება ძალიან დიდია როგორც შიდა, ასევე უცხოელი ინვესტორების მხრიდან. ჩვენთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ქართულმა ინვესტორებმა შეძლონ ინვესტიციები განახორციელონ, თუ ამის სურვილი ექნებათ. უახლოეს ხანებში ჩვენ გვექნება პრეზენტაცია წყალტუბოს განვითარებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ პრივატიზების აქტიურ პროცესს. უკვე ვხედავთ არაერთი ინვესტორისგან ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით ინტერესს,”- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

bm.ge-იმ მინისტრს ბიძინა ივანიშვილის მიერ 2019 წელს გაკეთებული განცხადებაც შეახსენა, როდესაც ექს-პრემიერმა თქვა, რომ ის წყალტუბოს აბანოების და სანატორიუმების გამოსყიდვას გეგმავდა, თუმცა ეს პროექტი არ განახორციელა.

“ბატონი ბიძინას განცხადება იყო, რომ თუ ეს ვერ მოხერხდებოდა, მაშინ ის თავად იყო მზად განეხორციელებინა ინვესტიციები. იცით, რომ ბატონი ბიძინას ინტერესი ქვეყანაში ბიზნესის კეთება არაა, არამედ განვითარების პროცესის ხელშეწყობაა. ეს არის ის, რაც მან განაცხადა და რასაც განაცხადებს, როგორც წესი ასრულებს კიდეც,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

30 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წყალტუბოს მინერალური წყლების კომპანია, რომლის ლიცენზიაც წინა ხელისუფლების დროს, 2012 წელს იყო გაცემული, სახელმწიფომ $8 მილიონად გამოისყიდა. ამასთანავე, პრემიერმა თქვა, რომ მთავრობა “მომავლის წყალტუბოს” კონცეფციაზე მუშაობს.

30 აპრილის შემდგომ, bm.ge-იმ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების სააგენტოს, ასევე სხვა საჯარო უწყებებს მიმართა, თუ რომელი კომპანიისგან გამოისყიდეს წყალტუბოს სამკურნალო მინერალური წყლების 25-წლიანი ლიცენზია და ინფრასტრუქტურა $8 მილიონად. ოფიციალური უწყებებიდან მიღებული პასუხიდან ირკვევა, რომ ესაა კომპანია სს “ბალნეოსერვისი”, რომელმაც 2021 წლის დეკემბერში მის საკუთრებაში არსებული ლიცენზია და აქტივები $8,150,000-ად სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ შპს “წყალტუბოს თერმულ წყლებს“ მიჰყიდა. აღსანიშნია, რომ ეს უკანასკნელი გასული წლის ბოლოს დაარსდა.

საუბარია 17 ჰექტარის ფართობის 11 უძრავ ქონებაზე, რომლებზეც საერთო ჯამში 8,000 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობებია განთავსებული, ასევე მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიაზე, რომელიც 2037 წლამდე არის მოქმედი.

კომპანია “ბალნეოსერვისის” მესაკუთეე იყო კვიპროსში დაფუძნებული PRODAMAX HOLDING LIMITED-ი, რომლის მფლობელიც, ბიზნესმენი თამაზ სომხიშვილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები