მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალტუბოში სახელმწიფომ ერთ-ერთი სანატორიუმის აუქციონი შეწყვიტა

62569d86ccf7e
მარიამ ვარადაშვილი
13.04.22 19:56
1474
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში მდებარე ერთ-ერთი სანატორიუმის აუქციონი გააჩერა. საუბარია გურიელის ქუჩაზე მდებარე 76621 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე. აუქციონი 31 მარტს გამოცხადდა და 14 მარტს უნდა დასრულებულიყო.

როგორც BMG-ის სააგენტოში უთხრეს აუქციონის შეწყვეტის მიზეზი პირობების დაზუსტება გახდა.

“წყალტუბოში, სანატორიუმ „მედეას“ პრივატიზების მიზნით, გამოცხადებული აუქციონის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ აუქციონის პირობების დაზუსტების, კერძოდ, საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, სააგენტომ გამოიყენა კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლება და 7 აპრილს შეწყვიტა ელექტრონული აუქციონი. კურორტ წყალტუბოში მდებარე სხვა სანატორიუმებთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. დეტალური ინფორმაცია საპრივატიზებო პირობების თაობაზე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება აუქციონების ინიცირების დროს”, - აცხადებენ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

უკევ შეწყვეტილი აუქციონის პირობების თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადაში საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 120-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი უნდა შეიქმნას. ამ პირობის შესრულების მიზნით მყიდველმა ადგილზე ჯამში სულ მცირე 10 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

აღსანიშნავია, რომ წყალტუბოს განაშენიანების გეგმა ჯერ მიღებული არ არის. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გვითხრეს, დამტკიცებული კონცეფციის საფუძველზე, რომელზეც კომპანია "ბაუ დიზაინმა“ იმუშავა, უნდა შემუშავდეს წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმა. მისი შემუშავებაც, კონკურსის წესით დაევალა „ბაუ დიზაინს“. კომპანიას დაწყებული აქვს სამუშაოები და აპრილის ბოლოს სამინისტროს განსახილველად უნდა წარუდგინოს ამ სამუშაოების პირველი ეტაპის მასალები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები