“წიაღის ეროვნული სააგენტოს“ მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის.
მოქმედი კანონმდებლობით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა ხდება აუქციონის წესით. კანონმდებლობა იცნობს ლიცენზიის პირდაპირი წესით ანუ აუქციონის გარეშე გაცემას, თუმცა ეს გამონაკლისი მოიცავს მხოლოს ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისთვის გარეგანი მოხმარების მიწისქვეშა მინერალური წლითა და სამკურნალო ტალახით სარგებლობისთვის ლიცენზიის გაცემის შესაძლებლობას.
კანონმდებლობით დარეგულირებულია მნიშვნელოვანი საკითხი- მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების მიზნით მიწისქვეშა მტკნარი წყლის მიპოვების ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებით. როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიმწოდებელ კომპანიებს გააჩნიათ შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია. ამ მიზნით გამოიყენება როგორც ზედაპირული წყლები, ასევე მიწისქვეშ მტკნარი წყლები, რომელთა სარგებლობისთვის კანონმდებლობა ითვალისწინებს ლიცენზიის არსებობას.
„სარგებლობის ლიცენზიის მიღების აუქციონის წესით აბრკოლებს და საფრთხეს უქმნის საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტისთვის ლიცენზიის მიღების შესაძლებლობას. კონკურენციის რისკი ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მაღალია და არსებობს საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი კომპანიისთვის წყლით სარგებლობის ლიცენზიის მიღების დაბრკოლების ალბათობა. არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში შესაძლებელია, აუქციონის ფასი გაიზარდოს არაადექვატურად და საბოლოოდ დასრულდეს უშედეგოდ ან სხვა კომპანიის გამარჯვების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შეექმნას მისგან წყლის სასყიდლიანი მიღების აუცილებლობა, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება მოხმარებელთა ინტერესებზე, გამოიწვევს წყალმომარაგების შეფერხებას, წყლის ღირებულების გაზრდას და ა.შ „-საუბარია განმარტებით ბარატში.
აქედან გამომდინარე, კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მიზანშეწონილია ასეთი საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის არსებობდეს სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის გარეშე მოპოვების შესაძლებლობა, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსახლეობისთვის წყალმომარაგების შეფერხება.
ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის შემთხვევაში საჭირო იქნება საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა.

























