მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყლის რეფორმის გატარება ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუწყობს - GGU ჯგუფი

6427f64d6964d
ლიკა მეგუთნიშვილი
01.04.23 14:54
771
საქართველოს წყლის რესურსების დაცვის და მისი მართვის გაუმჯობესებისთვის ახალი კანონმდებლობა ექნება, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით არის განპირობებული. რეფორმა საკმაოდ ბევრ საკითხს მოიცავს და ის ბიზნესებსა და სახელმწიფოს ახალ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს უწესებს, რაც მათ შორის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გამართვასა და ჩამდინარე წყლების გაუმჯობესებაში უნდა აისახოს.

რეფორმის შედეგად, საქართველო 7 სააუზო უბნად დაიყოფა და თითოეული აუზისთვის სააუზო მართვის გეგმა შემუშავდება. სხვა სიახლეები ასევე მოიცავს წყალსარგებლობის რეგულირებასა და ნებართვებს, წყალსარგებლობის პრიორიტეტიზაციას, მდინარის გარემოსდაცვითი ხარჯის განსაზღვრას, წყალდიდობის რისკების შეფასებასა და მათ მართვას.

როგორც “GGU ჯგუფის“ ინტეგრირებული მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო სულხანიშვილმა BMG-ს გადაცემა „ანალიტიკაში“ საკითხზე საუბრისას განაცხადა, არსებული რეფორმის გატარებასა და წყლის რესურსებზე დეტალური ინფორმაციის მიღებას, ბიზნესისთვის კრიტიკული მნიშვნელობა ექნება.

„ამ რეფორმას ძალიან ბევრი ასპექტი აქვს. მათ შორის, ბიზნესის თვალსაზრისით. დაინტერესებულ მხარეს რაოდენობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებზე ექნება წვდომა და ეს უმნიშვნელოვანესია ბიზნესისთვის, განსაკუთრებით, რაც ეხება წყლის შემოდინებებს. შეუძლებელია, დაიგეგმოს გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროცესები, როდესაც არ გაგვაჩნია მონაცემები წყლის რესურსების შესახებ. ამას მონიტორინგის ქსელი სჭირდება, რომელსაც გულისხმობს ეს რეფორმა და რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განაწილდება. ამის შედეგად, შესაძლებლობა გვექნება, მივიღოთ სარწმუნო, ახალი ინფორმაცია და შემდეგ უკვე ისტორიული მონაცემები დავაგროვოთ.

ბიზნესისთვის ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია წყლის ობიექტების ეკოლოგიური ხარისხი და სტატუსი. განსაკუთრებით ისეთი ობიექტებისთვის, საიდანაც ნედლ წყალს ვიღებთ და შემდეგ ვამუშავებთ. სწორედ ეს სტატუსი განსაზღვრავს და არის იმის გარანტი, რომ ეს წყლის ობიექტები კარგი ეკოლოგიური სტატუსის მქონე იქნება. ეს არის როგორც მიწის ზედა, ზედაპირული წყლის ობიექტები, ასევე მიწისქვეშა“, - აცხადებს სულხანიშვილი.

ნინო სულხანიშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული კანონის აღსრულება ქვეყანაში დამატებით ინვესტიციების მოზიდვასაც ხელს შეუწყობს.

„როდესაც დარგი საკანონმდებლო კუთხით კარგად არის დარეგულირებული, როდესაც არსებობს გარანტიები წყლის სარგებლობის ვადებზე, არსებობს გარანტირებული პირობები, ასევე პრიორიტეტები წყლის სარგებლობისთვის, ასეთ დროს, წყლის სექტორში ინვესტიციების მოზიდვა ძალიან მარტივია“, - განაცხადა „GGU ჯგუფის“ ინტეგრირებული მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო სულხანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები