Wyndham Hotels & Resorts-მა, მასპინძლობის სექტორის უმსხვილესმა მოთამაშემ, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 80-ზე მეტ ქვეყანაში 9000-მდე სასტუმროთი არის წარმოდგენილი, დააანონსა უახლოეს მომავალში თბილისში ახალი ობიექტის, „ვინდემ გრანდ თბილისის“ გახსნა. სასტუმრო 2019 წლის იანვარში დაიწყებს ფუნქციონირებას. ობიექტის მართვას განახორციელებს კომპანია McInerney Hospitality International Georgia. შეგახსენებთ, რომ მანამდე ადგილზე რიქსოსის ბრენდის სასტუმროს გახსნა იყო დაგეგმილი.
სასტუმრო მოიცავს 161 ნომერს (მათ შორის საპრეზიდენტო ლუქსს), ფიტნეს-ცენტრს, სპა-ცენტრს საცურაო აუზითა და საუნით, ისევე როგორც სახურავზე განთავსებულ, ბარ-რესტორან "თავისუფლებას“.
დიმიტრის მანიკისი, Wyndham Hotels & Resorts EMEA-ის პრეზიდენტი და მმართველი დირექტორი: "ვინდემ გრანდის" ბრენდი თავის სტუმრებს მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად ქალაქებში უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. საქართველო, მისი მდიდარი კულტურით, ცხოვრების სტილითა და ხელოვნებით, ბოლო პერიოდში მეტად მიმზიდველ დესტინაციად იქცა, ხოლო თავისუფლების მოედანი იდეალური ადგილია ამ მეტად საინტერესო ბაზარზე ჩვენი განთქმული ბრენდის განსათავსებლად.”
გოჩა გვენეტაძე, სასტუმროს მფლობელი კომპანიის, City-M LTD-ის დირექტორი: "მოხარული ვართ, რომ საშუალება გვაქვს, ვითანამშრომლოთ Wyndham Hotels & Resorts-თან. ეს ობიექტი წარმოადგენს, ერთის მხრივ, "ვინდემის" ბრენდის შეუდარებელი მასშტაბის, წვდომისა და მსოფლიო კლასის რესურსების, ხოლო მეორეს მხრივ, ჩვენი ჩინებული კულტურისა და მასპინძლობის შერწყმის განსახიერებას. "ვინდემ გრანდი“ ნიშნავს დახვეწილ სასტუმროებს, უნაკლო მომსახურებასა და თითოეული სტუმრის კმაყოფილებას. ჩვენთვის საამაყოა, რომ ამ შეუდარებელი იბიექტების სიას სულ მალე თბილისიც დაემატება".
"ვინდემ გრანდ თბილისი" დაემატება Wyndham Hotels & Resorts-ის მზარდ პორტფელს საქართველოში, რომელიც უკვე მოიცავს წელს დასრულებულ „რამადა ანკორ თბილისსა" და "რამადა ბათუმს". აღნიშნულ სიას შემდეგი სამი წლის პერიოდში კიდევ ოთხი სასტუმრო დაემატება.