მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყნეთის "სამთავრობო აგარაკების" ხარჯი შემოსავალს აღემატება - რატომ არ ყიდის მთავრობა ამ ქონებას

5be6e517865bb
თელარა გელანტია
11.11.18 10:45
1269
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შპს „აქტივების მართვის და განვითარების კომპანიამ“ 2013 წლიდან დღემდე დაბა წყნეთში მდებარე სააგარეკე კომპლექსების ანუ ე.წ. „სამთავრობო აგარაკების“ გაქირავებიდან 2,306,884 ლარის შემოსავლი მიიღო.

აღნიშული ინფორმაცია bm.ge-მ ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა.

სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ე.წ. „სამთავრობო აგარაკების“ „შენახვა“ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე - შემოსავალი მოაქვს, რადგან 5 წელიწადში სააგარაკე კომპლექსის ჯამურმა ხარჯმა 3,983,477 ლარი შეადგინა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, მოიჯარეები ძირითადად ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს წარმოადგენენ, რომლებთანაც საიჯარო ხელშეკრულება საჯარო, ონლაინ აუქციონში დაფიქსირებული შედეგების საფუძველზე ფორმდება.

Bm.ge-ის კითხვაზე - რას ხმარდება მიღებული შემოსავალი, სააგენტოდან მოგვწერეს, რომ სააგარაკე კომპლექსების იჯარიდან მიღებული შემოსავალი აგარაკაების მოვლა-პატრონობასა და პერიოდულ რეაბილიტაციაში იხარჯება.

მათივე ცნობით, 2013 წლიდან დღემდე სხვადასხვა გადასახადების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შესულმა თანხამ 1, 137, 185 ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ: დღეისათვის, სახელმწიფოს საკუთრებაში 11 ე.წ. „სამთავრობო აგარაკია“.

bm.ge-ის მიერ ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ე.წ. „სამთავრობო აგარაკების“ დაახლოებითი საბაზრო ღირებულება 31 000 000 ლარია.
უძრავი ქონება, რომელიც წყნეთში, 86 965 კვ.მ. მიწის ნაკვეთზეა განლაგებული, შპს სახელმწიფო მომსახურების ბიუროს ბალანსზე ირიცხება, რომელიც თავის მხრივ, ქონების ეროვნული სააგენტოს შპს-ს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, მაშინ როცა მთავრობამ სავალუტო კრიზისიდან გამოსვლის ე.წ. გეგმა წარმოადგინა, წყნეთის „სამთავრობო აგარაკები“ საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში შეიტანეს.
ქონების სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წლის ოქტომბერში წყნეთის „სამთავრობო აგარაკებიდან“ 8 226 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გასხვისდა. ობიექტის პრივატიზაციის შედეგად, ბიუჯეტმა 4 288 320 ლარი მიიღო.

Bm.ge-ის კითხვაზე - ახლაც იყიდება თუ არა წყნეთის „სამთავრობო აგარაკები“ და თუ - კი, სად არის ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელებული, სააგენტოდან შემდეგი პასუხი მოგვწერეს:

„აღნიშნული ობიექტების მიმართ მოთხოვნა დიდია და სააგენტო პერიოდულად აწარმოებს მოლაპარაკებებს ბიზნეს-სექტორთან. პროცესი არის გამჭვირვალე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ააქვს შესაძლებლობა დააფიქსიროს დაინტერესება საპრივატიზებო ობიექტის მიმართ და სააგენტო განიხილავს განიხილავს მას“.

როგორც ოფიციალური პასუხიდან ირკვევა, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ე.წ. „სამთავრობო აგარაკების“ პრივატიზაციის შესახებ ინფორმაცია სააგეენტოს ვებ-გვერდზეც არ აქვს გამოქვეყნებული.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები