მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხადორი - 3"-ის მშენებლობის თემაზე პანკისის ხეობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება თელავში შედგება

5cbc2d6c28836
თელარა გელანტია
21.04.19 12:43
998
პანკისის ხეობაში მცირე ჰესის - „ხადორი - 3“-ის სამშენებლო სამუშაოების დაწყების გამო შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ ხეობის მოსახლეობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.

როგორც ცნობილია, შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე, ასევე, სავარაუდოდ, ინვესტორი კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი დაესწრებიან.

უცნობია, კიდევ ვინ დაესწრება შეხვედრას.

საქმე იმაშია, რომ დღეს პანკისის ხეობაში კომპანიებმა - „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ მცირე ჰესის „ხადორი - 3“-ის სამშენებლო სამუშაოები დაიწყეს, რასაც ხეობის მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.

სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

მოგვიანებით კი, ადგილზე ჩავიდა შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე და ხეობის მოსახლეობას მოლაპარაკება შესთავაზა. ასევე მიღებულ იქნა გადაწვეტილება სამშენებლო სამუშაოების შეჩერების შესახებ.

„ვინც კანონს დაარღვევს, ყველა დაისჯება. პოლიციელები უკანონო ქმედებას არ ჩაიდენენ. მოგიწოდებთ, შეინარჩუნოთ მშვიდობა; პოლიციელები მოწადინებულები არიან, რომ დაიცვან კანონი. გამოყავით თქვენი წარმომადგენელი, ჩავიდეთ თელავში და მოვილაპარკოთ. ხედავთ, რომ მუშაობა შევაჩერეთ; გეუბნებით, დავჯდეთ და დავილაპარკოთ. ჩვენთვის თქვენი ინტერესი არის მნიშვნელოვანი. ჩვენი ინტერესია, რომ თქვენ იყოთ კმაყოფილი და ასევე, ინვესტორების ინტერესები იყოს დაცული“, - მიმართა მინისტრის მოადგილემ მადგილობრივებს.

პანკისელები კახა საბანაძის შეთავაზებას დათანხმდნენ. 7 ადგილობრივი თელავში მინისტრის მოადგილეს გაჰყვა.

ხეობაში დარჩენილი ადგილობრივები კი, აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობის უფლებას არ მისცემენ.

„სიკვდილი გვირჩევნია. ჰესს არ ავაშენებინებთ“, - აცხადებს მოსახლეობა.

ხეობაში რჩებიან სამართალდამცველები.

ცნობისთვის: როგორც „ფერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება. ჰესის მშენებლობა 12 თვეში დასრულდება. ჰესის წლიური გამომუშავება 27,5 მილიონი კლვტ/სთ-ია.

„ჰესები, რომელთა მშენებლობაც პანკისის ხეობაშია დაგეგმილი ე.წ. მცირე ენერგეტიკას მიეკუთვნება და მათი გავლენა გარემოზე მინიმალურია“, - აცხადებენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები