პანკისის ხეობაში დაგეგმილი 5.4 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის - „ხადორი 3“-ის მშენებლობის განახლების ვადები პროექტის ინვესტორისთვის ლაშა იორდანიშვილისთვის უცნობია.
როგორც იორდანიშვილმა BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, მას მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობის დასაძლევად მთავრობის იმედი აქვს.
„პანკისის მოვლენების შემდეგ, „ხადორი 3“-ის შემთხვევაში, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის თანხმობის შემდეგ უნდა განახლდეს მშენებლობა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ „სამყურის“ ჰიდროელექტროსადგური დავიწყოთ უახლოეს პერიოდში, რომელიც მოსახლეობისგან მოშორებულია და ბოლო სახლიდან, 10-15 კილომეტრით არის დაშორებული ზევით, მდინარე სამყურაწყლის აღმავალი მიმართულებით. ეს არის 30-მეგავატიანი სადგური.
პარალელურად, ვემუშავებით მოსახლეობას, რომ კიდევ ერთხელ ავუხსნათ და დავუმტკიცოთ მათ, რომ კარგის მეტი არაფერი მოაქვს ამ ჰიდროელექტროსადგურებს.
დიდი იმედი გვაქვს, რომ დაგვეხმარება. ალბათ, საერთოდ რეგიონებში სახელმწიფოს მიერ ნათქვამი სიტყვა უფრო დასაჯერებელია, ვიდრე ერთ-ერთი რიგითი ინვესტორის“, - განაცხადა ლაშა იორდანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 21 აპრილს მოსახლეობის მიერ გამოთქმული პროტესტის შემდეგ, რაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, „ხადორი 3“-ის მშენებლობა შეწყდა.

























