მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხადურის უწყებამ ბანანის ბაზრის მოკვლევაზე უარი თქვა

5c501686a6118
თამუნა ქემერტელიძე
29.01.19 13:00
1779
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ შპს „კავკასუს აგრო კომპანის“ საჩივარზე, რომელიც შპს „ჯეო ფრეშ გრუპის“ მიერ საქართველოს ბაზარზე ბანანის სისტემატურ გაყიდვას შეეხებოდა სავარაუდო თვითღირებულებაზე დაბალ ფასში, მოკვლევა არ დაიწყო.

კერძოდ, სააგენტომ ბანანის იმპორტიორი კომპანიის მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარმოდგენილი საჩივარი დაუშვებლად ცნო.
ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ის კონკურენციის სააგენტომ მიაწოდა.

“საქმის მასალების შესწავლისა და სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ, 2017-2018 წლებში საქართველოში იმპორტირებული და ექსპორტირებული ბანანის შესახებ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მოპასუხედ დასახელებულ ეკონომიკურ აგენტს - შპს „ჯეო ფრეშ გრუპს“ საქართველოს ბანანის ბაზარზე არ უკავია დომინირებული მდგომარეობა. კონკურენციის კანონმდებლობისა და სააგენტოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით კი, შეუძლებელია სახეზე იყოს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი დარღვევა და დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება იმ ეკონომიკური აგენტის მხრიდან, რომელსაც შესაბამის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ”, - აცხადებენ სააგენტოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები