მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხარვეზი კანონმდებლობაში" - ვინ შეასრულებს სემეკ-ის თავმჯდომარის მოვალეობას, უცნობია

5d77c07b11c83
დავით ჯალაღონია
11.09.19 10:15
1125
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მოქმედ თავმჯდომარეს ირინა მილორავას თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ეწურება.

ამ ეტაპზე, უცნობია, ახალი თავმჯდომარის დამტკიცებამდე, ვინ შეასრულებს მის მოვალეობას. როგორც ირინა მილორავა BM.GE-ისთან საუბრისას განმარტავს, ამ მხრივ მოქმედი კანონმდებლობა არაფერს ამბობს.

"ეს არის ხარვეზი კანონმდებლობაში. კვორუმი რჩება, რადგან კომისიაში ოთხი წევრია და ამ მხრივ პრობლემა არ იქმნება, მაგრამ თავმჯდომარესთან დაკავშირებით, კანონმდებლობა არაფერს ამბობს, ვინ შეასრულებს მოვალეობას, თუმცა თავმჯდომარე მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რადგან ადმინისტრაციულ ფუნქციებს ახორციელებს, ამიტომ ძალიან სწრაფად იქნება ეს პროცესი დასაწყები, რომელიც იწყება მთავრობიდან და სრულდება პარლამენტში, რომ წარდგენილი იქნეს კანდიდატურა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავლით მივიდეს პარლამენტთან შესაბამისი კანდიდატურა", - განმარტავს ირინა მილორავა.

"საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონის თანახმად, „საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებით საქართველოს პარლამენტს კომისიის თავმჯდომარედ ასარჩევად წარუდგენს კომისიის ერთ-ერთი წევრის კანდიდატურას. საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის წარმოდგენილ კანდიდატურას და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, გადადგეს ამ თანამდებობიდან, მაგრამ დარჩეს კომისიის წევრად დარჩენილი ვადით. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის რომელიმე წევრს დააკისროს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება".

ცნობისთვის: სემეკ-ის ახალი თავმჯდომარის პოსტზე მარეგულირებელი კომისიის მოქმედი წევრის დავით ნარმანიას კანდიდატურა განიხილება. მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ იგი მთავრობისგან ამ თემაზე შემოთავაზებას ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები