ხაშურში სტადიონის მშენებლობისთვის 6.2 მლნ ლარი დაიხარჯება.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
სტადიონისთვის ფინანსები მსოფლიო ბანკმა გამოყო.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელის გიორგი შენგელიას განცხადებით, სტადიონის აღდგენითი სამუშაოები 2019 წელს განხორციელდება.
მისივე განმარტებით, სტადიონი, რომელიც ხაშურში გაკეთდება, მსოფლიო სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
პროექტის წარდგენისას ხაშურის მერმა გიორგი გურასპაშვილმა განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურა როგორც ფეხბურთის, ისე რაგბის გუნდების სავარჯიშოდ გამოიყენება.
პროექტი საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას ითვალისწინებს.
სამუშაოს ფარგლებში ტერიტორიაზე განთავსდება ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი სპორტული განათებით და სარწყავი სისტემით. ასევე, მოეწყობა ტრიბუნები და ღია ავტოსადგომი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება დამხმარე შენობა-ნაგებობები.