მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხასია მაჭავარიანთან შეხვედრაზე: მინისტრმა აღიარა, რომ ბიზნესთან კომუნიკაციის პრობლემა იყო

5cfe858dd22ca
ლიკა გურაბანიძე
10.06.19 20:26
1339
"დღევანდელ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა აღიარა, რომ ბიზნესთან კომუნიკაციის პრობლემა იყო, თუმცა დღეს ჩვენ სიტუაციიდან გამოსავალი ვერ მოვისმინეთ", - ამის შესახებ გადაცემაში "საქმის კურსი", JTI-ის კომუნიკაციების სპეციალისტმა ივა ხასიამ "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმების საკითხზე ფინანსთა მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"საქართველოში ბაზარზე არსებული ყველა მსხვილი ბიზნესი აქ იყო წარმოდგენილი ერთადერთი თხოვნით, რომ გადახედვა მომხდარიყო და ამ ახალ მოთხოვნაზე ბიზნესს გადაწყობისთვის გონივრული ვადები მისცემოდა.

ამასთან დაკავშირებით სამწუხაროდ გამოსავალზე ვერ მოვისმინეთ, ჩემთვის არგუმენტაციაც არ იყო დამაჯერებელი. რაც გაჟღერდა ფინანსთა მინისტრის მხრიდან, იყო ის, რომ 2017 წლიდან მოყოლებული თუ ეს ვალდებულება ქვეყანას ჰქონდა აღებული საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმართებაში, თუმცა ეს არგუმენტი კიდევ უფრო გაუგებარია ჩემთვის, რადგან თუ 2017 წლიდან ეს ვალდებულება არსებობდა, რატომ არცერთ ეტაპზე არ იყო ბიზნესი ინფორმირებული და რატომ მოხდა მაინცდამაინც დღეს და ასე დაჩქარებულად ამ გადაწყვეტილების ფორსირებულ რეჟიმში მიღება", - განაცხადა ხასიამ.

მისივე ინფორმაციით, ბიზნესომბუდსმენს ირაკლი ლექვინაძეს, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა, პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაცია ექნება და ბიზნესისთვის მნიშვნელოვან საკითხებს მასთან გააჟღერებს.

"მოლოდინი მაქვს, რომ ბიზნესომბუდსმენი პრემიერ-მინისტრის ყურამდე იმ მნიშვნელოვან გამოწვევებს მიიტანს, რის წინაშეც ქართული ბიზნეს სექტორი დღეს დადგა და იქნებ უახლოეს დღეებში რაღაც კიდევ შეიცვალოს დადებითად ბიზნესისთვის. ჩვენი არგუმენტები საკმაოდ წონადია და გათვლებზე დაფუძნებული", - განმარტა ხასიამ.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს. აღნიშნულს საქართველოს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის 2019 წლის 31 მაისს ხელმოწერილი ბრძანება №162 ითვალისწინებს. 

კერძოდ, მინისტრის გადაწყვეტილებით, "საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება "ოქროს სიის" მონაწილის კუთვნილ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა) და წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა). 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები