მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხათუნა გოგორიშვილი-ინფრასტრუქტურის მინისტრს: რატომ იშლება და ვერ ტარდება ტენდერები?!

5c6d2e62bd47f
დათო ჯალაღონია
20.02.19 14:38
1357
საპარლამენტო უმცირესობის წევრის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე რეგიონული განვითარების ფონდიდან თანხების ათვისება შემცირდა.

ამის შესახებ გოგორიშვილმა პარლამენტში პლენარულ სესიაზე განაცხადა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მიზეზების განმარტება მოსთხოვა.

„ჩემი შეკითხვები ძირითადად ეხება რეგიონული განვითარების ფონდს. ეს არის ერთადერთი ფონდი, რომლიდანაც შეიძლება რეგიონებმა განახორციელონ ინფრასტრუქტურული პროექტები და ამ ფონდიდან მიმართული თანხების გარეშე ვერაფერს, ვერანაირ მცირე პროექტს ვერ განახორციელებენ. თქვენი წინამორბედები ამ ფონდიდან 90%-ზე ნაკლებს წლის განმავლობაში არ ითვისებდნენ და თქვენ დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში, რაც მინისტრი ხართ, 60% აითვისეთ, მაინტერესებს ეს ტენდენცია რატომ შეიცვალა?! ფაქტია, რომ ეს უკავშირდება ტენდერებს, რატომ იშლება და ვერ ტარდება ტენდერები?! ტენდერების სტატისტიკას არ ჩამოგითვლით, მაგრამ ფაქტია, რომ ტენდერების სტატისტიკა წლის დასაწყისში ბევრი უნდა იყოს, რომ წლის ბოლომდე პროექტების დასრულება მოესწროს. და ბოლოს, იმაზე კი არ ვსაუბრობთ, მინისტრი რატომ ჩადის სოფელში, ეს ძალიან კარგია, პრობლემა ის არის, რომ როცა მოსახლეობა ამბობს, ჩვენი პრობლემა წყალმომარაგებააო, მინისტრი მათ არწმუნებს სტადიონის აშენება გირჩევნიათო“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

პარლამენტში ახალი ფორმატის – „მინისტრის საათის“ ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც დეპუტატები კითხვების დასმას დაასრულებენ, მინისტრი მათ პასუხს გასცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები