მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხაზარაძე - საქართველო არის ღრმა ჭაობში, ჩვენი ინსტიტუტები არის მოშლილი

5d3b2b5f92028
შოთა ტყეშელაშვილი
26.07.19 20:42
1349
თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესი დასრულდა, მოსამართლემ მოთხოვნილი მილიონი ლარის ნაცვლად მათ 700,000 ლარის გირაო დაადო და ბიზნესმენებს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა. პროცესიდან გამოსულმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საქართველო დღეს ღრმა ჭაობში იმყოფება. 

"კარგად დავინახე, თუ რა ჭაობშია ქვეყანა, ამას ვლაპარაკობ მთელი პასუხისმგებლობით და ამას აღარ ვსაუბრობ, როგორც თიბისი ბანკის თავმჯდომარე, ან ანაკლიის თავმჯდომარე, რადგანაც მე შეკავებული ვიყავი შეფასებებში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს უკან 10,000 თანამშრომელი, გუნდის წევრი, დიდი სტრუქტურა, დეპოზიტარები, ბანკები, პარტნიორები და ასე შემდეგ. ამიტომ ყოველთვის ვცდილობდი, რომ არ გადამელახა ის, რაც გულში მქონდა, რის თქმასაც ვაპირებდი, რადგანაც მნიშვნელოვანია, რომ შენი პოზიციის გამო, ვიღაცის ინტერესი არ დააზიანო. 

დღეს დავინახე სრული ჭაობი, უცოდინარობის პიკი პროკურატურის მხრიდან, მე ეს ადამიანები გულწრფელად მეცოდებიან. ერთ-ერთ გოგონას, პროკურორს, რომელსაც შეუძლია 5-წუთიანი ბრიფინგი ცელი გამოუსვას საქართველოს ეკონომიკას და მას მილიარდი ლარის ზარალი მიაყენოს და ამაზე არანაირი სირცხვილის გრძნობა ან პასუხის მოთხოვნა არ ხდება. ეს არის კატასტროფა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ქვეყანა არ გვაქვს. ჩვენ სტრუქტურები არ გვაქვს, ჩვენ ინსტიტუციები მოშლილი გვაქვს. 

აქედან გამომდინარე, მე მინდა გითხრათ, რომ ეს ინსტიტუციები არის აბსოლუტურად თავიდან ასაშენებელი. ძალიან მიხარია, რომ ერთი კვირის წინ გამოვაცხადე გადაწყვეტილება, რომ დაფუძნდეს აქტიური საზოგადოებრივი მოძრაობა. 

ეს იქნება ახალი ფართომასშტაბიანი მოძრაობა, აქ იქნება ახალი თაობა და ახალი პროფესიონალები და ახალი ძალა, ვისაც უყვარს საქართველო, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის, ვისაც არ უნდა რუსული ორიენტაცია, ვინც ებრძვის ოკუპაციას და ვისაც უნდა, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ შედგეს წარმატებულ ქვეყნად. 

საქართველო უნდა გახდეს ქვეყანა, სადაც ნეპოტიზმსა და კლანურ, ერთპიროვნულ მმართველობას არ ჰქონდეს ადგილი. 

დღეს ჩვენ პრაქტიკულად ვართ სიტუაციაში, სადაც ერთი პირი მართავს ქვეყანას ინსტიტუციების გარეშე. ეს ერთი პირი თქვენ იცით, ვინც არის, ეს არის დირიჟორი ამ ქვეყნის, რომელსაც ჰყავს ძალიან ცუდი შემსრულებლები, უცოდინარი შემსრულებლები. მე გპირდებით, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, მე პიროვნულად კი არ მაქვს ბოღმა ჩადებული გულში, მე ამ ბრძოლას გავაგრძელებ ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ ეს ქვეყანა შეიცვალოს, ეს ჭაობი შეიცვალოს, ახალგაზრდა ხალხს, ნიჭიერ ხალხს მიეცეს თავისუფალი მოქმედების საშუალება, თავისუფალი გადაწყვეტილების საშუალება, მოსამართლეები იყვნენ თავისუფლები, პროკურორები იყვნენ კანონმორჩილები და ასე შემდეგ. 

დღეს არსებული სისტემა, მე გარანტიას გაძლევთ, რომ დაინგრევა ძალიან მალე, ესენი სახლში წავლენ და ყველა გონს მოეგოს. ამას არ ვლაპარაკობ იმიტომ რომ გირაო დამადეს. თურმე $650,000,000 უნდა შემოვიტანოთ ქვეყანაში და 700,000 ლარი დამადეს, რომ ქვეყნიდან არ წავიდე. ეს არის სირცხვილი, მეგობრებო, ეს არის სირცხვილი და მე ყველას გპირდებით, რომ ეს დამთავრდება ამ ქვეყანაში. ის მოტყუებული ხალხი, რომლებმაც ვიფიქრეთ, რომ 2012 წელს რაღაც შეიცვალა, მივიღეთ აბსოლუტურად მეორე უკიდურესობა. ჩვენ ორი უკიდურესობის მსხვერპლი აღმოვჩნდით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს დამთავრდება."

თიბისი ბანკის ჯგუფისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლების წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 12 სექტემბერს ჩატარდება. სხდომაზე მხარეები წარადგენენ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და განიხილავენ შუამდგომლობებს მტკიცებულებებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით დღეს მიმართა. 

"მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები