“როცა მინისტრი არ გამოდის კავშირზე და ნამყოფიც კი არ არის ადგილზე, სადაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი საზღვაო სამუშაოები ჩატარდა, მე ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული პრობლემაა”,-ამის შესახებ განცხადება მამუკა ხაზარაძემ გადაცემაში “ფორბსის კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად” გააკეთა. მისი თქმით, მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის ერთგვარი მისკომუნიკაციაა და ძირითადად მათ ტრიბუნიდან ესაუბრებიან.
“მე ვიცი, რა არის პარტნიორობა ბიზნესში. ესაა მხარდამხარ ერთად ყოფნა. ეს უნდა იყოს ყოველდღიური სატელეფონო ურთიერთობა, ეს უნდა იყოს ყოველდღიური მეილები. როცა მინისტრი არ გამოდის კავშირზე და ნამყოფიც კი არ არის ადგილზე, სადაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი საზღვაო სამუშაოები ჩატარდა მე ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული პრობლემაა. მე არ ვსაუბრობ ჩასაფრებული ადამიანის პოზიციიდან. 30 წელია ბიზნესში ვარ, ეს ქვეყანა მიყვარს. მე არავის არ ვეჯიბრები, ვის უფრო მაგრად უყვარს ქვეყანა. გული მწყდება რომ რაღაცები ისე არ კეთდება, რომელიც ქვეყანას წინ წაწევდა”-აცხადებს ხაზარაძე.
ხოლო კითხვაზე როდის იყო სახელმწიფო ანაკლიის პროექტის ფარგლებში პარტნიორი ასე პასუხობს:
„თქვენ მე მეკითხებით წინა მთავრობის დროს იყო თუ არა მეტი ჩართულობა, ან პარტნიორობა? მაშინ ჩართულობა მეტი იყო, რადგან კონტრაქტს ვაფორმებდით და კი იცით, რა კონტრაქტზე მივედით ბოლოს? იცით, ბოლოს რა გვითხრეს, ინგლისურად კარგად ჟღერს: Take and Leave it! ანუ აიღე ან წადი! პროექტი გახადეს არასაბანკო პროდუქტი, რომლის ცვლილებები პროცესში ახლა ვართ. ზეპირად მახსოვს ის დიალოგი , რომელიც მე Baker&Mckenzie-თან მქონდა. მათ პირდაპირ მითხრეს: ამ კონტრაქტზე ჩვენ რეკომენდაციას არ გაძლევთ, რადგან ამაში თქვენ ფულს ვერ მოიზიდავთო”,-აცხადებს ხაზარაძე.

























