ლონდონის საფონდო ბირჟის ოფისში გასულ კვირას "თიბისი ჯგუფმა" ინვესტორთა დღე გამართა. როგორც ლონდონიდან "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემაში – "Forbes კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად" განაცხადა, ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებას პარტნიორები მხარს უჭერენ.
"OPIC-ი ჩვენი ძალიან დიდი ხნის პარტნიორია არა მარტო ანაკლიის პროექტში, პირველ რიგში, ის საქართველოს მხარს ძალიან სერიოზულად უჭერს, ასევე ამ პროექტის განვითარებას", - განმარტა მამუკა ხაზარაძემ.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, OPIC-ის ხელმძღვანელმა პირდაპირ თქვა, რომ ისინი მხოლოდ იმ პროექტებს აფინანსებენ, სადაც გარანტიის სახით მთავრობა გარანტიაში დგება, მამუკა ხაზარაძე პასუხობს, რომ საუბარი გადასახადის გადამხდელების ხარჯზე კერძო პირის კომერციული ინტერესების დაზღვევაზე არ არის.
"ჩვენ ალბათ მოგვეცემა საშუალება და საზოგადოებას კარგად ავუხსნით, რომ ეს კომერციული რისკების დაზღვევა არ არის. როცა ბანკები თავის წინადადებას წარმოადგენენ, ჩვენ გვინდა, გავშალოთ ეს თემა და ავუხსნათ, რომ აქ არ არის კერძო ინვესტორების, ამ შემთხვევაში ჩვენი ინვესტორების ინტერესების დაცვა. აქ საუბარი აბსოლუტურად სხვა რამეზეა და ალბათ გვექნება საშუალება, რომ გადასახადის გადამხდელებს პირველ რიგში ავუხსნათ, რომ აქ არ არის საუბარი მათ ხარჯზე ვიღაცის კომერციული ინტერესების დაზღვევაზე, აბსოლუტურად სხვა მოცემულობასთან გვაქვს საქმე", - აღნიშნა ხაზარაძემ.
მისივე განმარტებით, ანაკლიის პორტის პროექტი ქვეყანას აბსოლუტურად სხვა კატეგორიაში გადაიყვანს.
"ეს არ არის მხოლოდ პორტი და მარტო ღრმაწყლოვანი პორტი. ეს ქართული ეკონომიკისთვის აბსოლუტურად სხვა რეალობაა. ეს არის ათასობით სამუშაო ადგილი და შიდა პროდუქტზე საკმაოდ დიდი ზეგავლენა ექნება ამ პორტის და უკან ქალაქის მშენებლობას, ეს "ანაკლია სითის' ეკუთვნის.
ჩვენ იაპონელებთან სერიოზული ურთიერთობა გვაქვს და უახლოეს მომავალში ინფორმაციას მოგაწვდით, რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით.
თქვენ იცით, რომ ბოლო, მე-8 საკითხი დარჩა სახელმწიფოსა და ჩვენს კრედიტორებს შორის მოლაპარაკებების, სადაც ჩვენც ჩართულები ვართ. იმედია, რაღაც კონსესუსს ვნახავთ, დარწმუნებული ვარ, რომ ვნახავთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მომავლის საკმაოდ სერიოზული პროექტი", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

























