თბილისის საქალაქო სასამართლომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.
მისივე განცხადებით, ხაზარაძე და ჯაფარიძე ქვეყნიდან პროკურატურის ინფორმირების გარეშე ვერ გავლენ.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 12 სექტემბერს ჩაინიშნა.
ცნობისთვის: საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით დღეს მიმართა.
"მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ბრალდებულებისთვის გირაოს სახით 1-1 მლნ ლარის შეფარდებას ითხოვდა.

























