მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხაზარაძე და ჯაფარიძე TBC ბანკის მფლობელ კომპანიაში - TBC ბანკის ჯგუფში თანამდებობებს შეინარჩუნებენ

5c6e5306b25d3
BM.GE
21.02.19 11:27
3973
დღეს საქართველოს უმსხვილესი კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, მასთან ერთად საბჭოს დატოვებს მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ხაზარაძე და ჯაფარიძე შეინარჩუნებენ პოსტებს დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულ “TBC ბანკის ჯგუფში”, რომელიც სააქციო საზოგადოება TBC ბანკის 100%-ის მფლობელია.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, TBC წყვეტს სამართლებრივ დავას ეროვნულ ბანკთან და მზადაა გადაიხადოს 1 მილიონი ლარი, რომლითაც დაჯარიმდა.

“აღარ განვმეორდები, თუ როგორი შეტევის ქვეშ იმყოფება ჩვენი ჯუფი, ბანკი. შედეგად, ჩვენმა საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს, შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამაც სერიოზულად იზარალა. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოგვაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან ვითომდა კავშირში, რომლის არარსებობა საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული.

იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა. სამშაბათს, როგორც დავპირდი პარლამენტს და საზოგადოებას, ვიქნები კომიტეტის მოსმენაზე, რათა მშვიდად განვიხილო და გავაცნო საქმის დეტალები პარლამენტარებს და საზოგადოებას. ამავე დროს დამოუკიდებლად გავაგრძელებ ჩემი უფლებების სამართლებრივ დაცვას სასამართლო წესით, როგორც კერძო პირი საქართველოში და უცხოეთში”- წერია მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავრცელებულ განცხადებას თან ახლავს ეროვნული ბანკის განცხადებაც:

ეროვნული ბანკის განცხადება

საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას. აღნიშნული დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე და გაზრდის ნდობას ინვესტორთა მხრიდან, რაც, საბოლოო ჯამში, პოზიტიურ გავლენას იქონიებს როგორც ბანკის, ასევე ქვეყნის საფინანსო სექტორის განვითარებაზე.

ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე აღმასრულებელი მენეჯმენტითა და სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრებით. თიბისი ბანკი ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს.

ამასთან, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, მისი საზედამხედველო ყურადღების საგანს წარმოადგენდა ინტერესთა კონფლიქტის რისკები და ასევე, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.

ეროვნული ბანკი, თავის უფლებამოსილების ფარგლებში, აგრძელებს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები