მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხაზარაძე: "ივანიშვილთან საუბარში წამოვიდა, რომ იქნებ "პროგრესს ბანკი" გეყიდათო"

5c7d1782d42eb
თამუნა ქემერტელიძე
04.03.19 16:17
2348
„ივანიშვილთან საუბარში წამოვიდა, იქნებ „პროგრესს ბანკი“ გეყიდათო, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე "თიბისი ჯგუფის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, სადაც ის TBC ბანკის მიერ ბანკ „რესპუბლიკის“ შეძენის ისტორიას ყვებოდა.

კერძოდ, TBC ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე იმ გარიგებაზე ისაუბრა, რომელიც 2016 წელს „თიბისი ჯგუფსა“ და ფრანგულ „სოსიეტე ჟენერალს“ შორის შედგა.

ბიზნესმენი ირწმუნება, რომ მას შემდეგ, რაც მან ფრანგულ ფინანსურ კონგლომერატ „სოსიეტე ჟენერალს” ხელი ჩამოართვა, ეროვნული ბანკმა გარიგება გააჩერა, რის შემდეგაც მამუკა ხაზარაძე „მიმდინარე საკითხებზე“ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და როგორც თვითონ ამბობს, „საკუთარი გულისტკივილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ ბანკს გაფართოების შესაძლებლობა არ ეძლეოდა“.

“მე პირადად გახლდით ჩართული ამ პროცესში. პარიზში წავედი; შევხვდი “სოსიეტე ჟენერალის” გენერალურ დირექტორს, რომელმაც მითხრა, რომ მათ სურდათ გასვლა საქართველოდან და არაერთი შეთავაზება ჰქონდათ, თუმცა რეპუტაციული მდგომარეობიდან გამომდინარე, ისინი ხელშეკრულებას ჩვენთან გააფორმებდნენ. ამ ხელშეკრულებით დავბრუნდი კიდეც. თუმცა სამწუხაროდ, ეროვნულმა ბანკმა გააჩერა ჩვენი გარიგება და გავიგეთ, რომ ერთ-ერთ ჩინური კომპანიას ესაუბრებოდა „სოსიეტე ჟენერალის“ ბანკის ყიდვაზე. ჩვენ ეროვნული ბანკის გარეშე ვერაფერს გავაკეთებდით; მოგვიანებით, მოხდა ჩემი შეხვედრა ბატონ ბიძინასთან და დიმიტრი ქუმსიშვილთან მიმდინარე საკითხებზე; იქ უბრალოდ, ჩემი გულისტკივილი გამოვთქვი, თუ რატომ არ გვეძლევა ქართველებს საშუალება, რომ გავფართოვდეთ და ვიყიდოთ სხვა ბანკი-მეთქი. საუბარში ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ ისიც ასე ფიქრობდა და დაადასტურა, რომ სწორედ წარმატებულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ეს გარიგება... საუბარში წამოვიდა, რომ იქნებ „პროგრესს ბანკი“ გეყიდათო. მე ვიცოდი, რომ ეს ბანკი ძალიან პატარაა და ისიც ვიცოდი, რომ არაფერი მანდ გასაკუთრებული არ ხდებოდა. ჩვენ შევედით „პროგრესს ბანკში“, ჩავატარეთ აუდიტი და მივიღეთ ეროვნული ბანკისგან თანხმობა. საბოლოო ჯამში, „პროგრეს ბანკი“ არ გვიყიდია. ვიყიდეთ მხოლოდ ჯანმრთელი აქტივები და ამის მერე მოხდა ეროვნული ბანკის მიერ „პროგრეს ბანკის“ დახურვა. ეს არის ინფორმაცია, რომელიც მე გამაჩნია”, - განაცხადა ხაზარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები