მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ

63d2655237bae
ინგა მურუსიძე
26.01.23 15:31
561
სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, რითაც საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს. ადვოკატები გამამართლებენ განაჩენს, პროკურატურა კი კვალიფიკაციის შეცვლას და სამივე პირის ე.წ. ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნობას ითხოვდა.

ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამის შესახებ ხაზარაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ბრალი წარგვიდგინა მოსამართლემ და არა პროკურატურამ, ხოლო ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილმა მონებმა ეს გაიმეორეს. მათ სიტყვა ვერც კი თქვეს, რომ ფულის გათეთრება არ ყოფილა და ჩვენ ვართ მართლები. ის, რომ 4 წელია ვუყურებთ ამ ყველაფერს და ჩვენ არ ვართ ციხეში, ნიშნავს, რომ ფულის გათეთრების საქმე არ არსებობს. ეს არ დაადასტურა პირველმა და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა. ეს არის ის სასამართლო, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა და დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს მოსამართლეები გაასამართლებენ „ქართული ოცნების“ ლიდერებს“, - თქვა მამუკა ხაზარაძემ. მისი თქმით, ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე და საქმე უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება.

თავის მხრივ, საქმის კიდევ ერთი ფიგურანტის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, "სამწუხაროდ, "ქართული ოცნების“ სასამართლო გადაიქცა ოცნების ოფისიდან მიღებული ინსტრუქციების შემსრულებელ ბიუროდ. „სასამართლო გადაქციეს ფარსად“, - თქვა ჯაფარიძემ.

ტელეკომპანია "პირველის" დამფუძნებლის და საქმის მესამე ფიგურანტის, ავთანდილ წერეთლის შვილის, ვატო წერეთლის განცხადებით, განაჩენი აუცილებლად გასაჩივრდება, რადგან სიმართლე უნდა დადგინდეს.

საქმის სამივე მონაწილე გეგმავს, რომ საქმეს ბოლომდე მიყვეს, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში სტრასბურგამდეც. 

ცნობისთვის, გასული წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფულის გათეთრების საქმეზე“ ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობაზე გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ხაზარაძისთვისა და ჯაფარიძისთვის თითო-თითო მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ჯაფარიძე და ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლა იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები