"ბუნებრივია, სახელმწიფოს აქვს უფლება შეისწავლოს ყველა რისკი, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ, რატომ ხდება ეს დღეს და ამ სიტუაციაში, ეს იწვევს კითხვებს და დაველოდოთ მოვლენებს,"- ამბობს ხაზარაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გასაჯაროვდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფომ საერთაშორისო იურიდიულ კომპანია White & Case-ს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დადებულ საინვესტიციო ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების მომზადება და მთავრობის მიერ ამ კონტრაქტის გაწყვეტის შესაძლო სამართლებრივი ეფექტების შესწავლა დაავალა. დღესვე ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ ასეთი რისკების შეფასება ბუნებრივი პროცესის ნაწილია.
"ნებისმიერ საქმიან ურთიერთბაში ოდნავ მაინც ჩახედული ადამიანისათვის ბუნებრივია ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს სურს იცოდეს ის რისკები და შედეგები, რომლებიც შეიძლება დაუდგეს იმ შემთხვევაში, თუ საინვესტიციო ხელშეკრულების ბოლო ცვლილებით განსაზღვრულ ვადაში (1 ივლისისათვის) კონსორციუმი ვერ შეძლებს საკუთარი კაპიტალის შევსებას, ბანკებისგან დაფინანსების მოპოვებას, პორტის მშენებლობის დაწყებას და რის გამოც დღის წესრიგში შეიძლება დადგეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეწყვეტის პროცედურების ამოქმედების საკითხი. ასეთი ოფციის გათვალისწინება ხელშეკრულებაში ბუნებრივია მითუმეტეს მაშინ, როდესაც კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი არ მალავს, რომ აპირებს სამართლებრივ დავას საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში", – წერია განცხადებაში.
დღეს მამუკა ხაზარაძე ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნდა, სადაც მან პროექტის საერთაშორისო პარტნიორებთან გამართა შეხვედრები.
"დღეს დავბრუნდი შეერთებული შტატებიდან, სადაც ჩემს ამერიკელ პარტნიორებთან საკმაოდ სერიოზული შეხვედრები მქონდა. განწყობა არის ძალიან მობილიზებული ამერიკელების მხრიდან, ბანკების მხრიდან, რომ ეს პროექტი მივიდეს ბოლომდე და ეს წინააღმდეგობები იყოს დაძლეული მოლაპარაკების და კომპრომისების ხარჯზე”, – განაცხადა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, ანაკლიის პორტს ქვეყნისათვის ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს პროექტი შედგეს.
„ვფიქრობ, რომ ყველა ჩართული მხარის, სახელმწიფოს, ჩვენი კონსორციუმის და ქართველი ხალხის მიზანი უნდა იყოს ერთი მიმართულებით. ძალისხმევა მიმართული და მობილიზებული უნდა იყოს, რომ ეს პროექტი შედგეს და არ იყოს რაღაც ჩასაფრებული პოზიცია. როგორც რიგითი ქართველი ვფიქრობ, ანაკლიის პორტს ქვეყნისათვის ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროექტი შედგეს.
ასეთ მეგაპროექტებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში თან სდევს უზარმაზარი სირთულე. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ასეთი პროექტები დროში ისე გაკეთებულიყოს, როგორც ჩაფიქრებულია და ქაღალდზეა დაწერილი. ამიტომ, მოვუწოდებ ყველა მხარეს, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ამ პროექტს მიიყვანს გამარჯვებამდე. შეიძლება, კინკლაობასა და ჩასაფრებულ მდგომარეობაში ეგ მომენტი გაგვექცეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო“ განცხადება გაავრცელა, რომლითაც ანაკლიის ნავსადგურის თემასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

























