"თიბისი ბანკისა" და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე რუსული ავიაკომპანიების მიერ ფრენების შეჩერების გამო, ქართულ ტურიზმის ინდუსტრიას დახმარებას ჰპირდება. ხაზარაძე კიევი–თბილისის მიმართულებით Georgian Airways-ის 10 რეისს დააფინანსებს.
"მეგობრებო, როგორც ჩვენთვის ცნობილია, 8 ივლისიდან რუსეთიდან საჰაერო ფრენები წყდება, რაც ტურისტულ სეზონს ბუნებრივია დაემჩნევა. აქედან გამომდინარე, მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ "თიბისი ჰოლდინგის" სახელით დავაფინანსო "აირზენას" 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით, რათა მხარი დავუჭიროთ ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას!", – წერს მამუკა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოში ფრენები აკრძალა. შესაბამისი დადგენილება კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პუტინის ბრძანების მიხედვით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის განხორციელება 2019 წლის 8 ივლისიდან აეკრძალებათ.
კრემლი ასევე აძლევს რეკომენდაციას ტუროპერატორებს, შეაჩერონ აღნიშნული პერიოდიდან საქართველოში მომსახურების გაწევა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, ამ შეზღუდვის მიზანი რუსეთის ეროვნული ინტერესებისა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა.

























