„როგორ ჩანს პროკურატურაში ნერვიულობენ და გაუგებარი საინფორმაციო დღის წესრიგით მიდიან. შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს არაიმდენად საგამოძიებო, არამედ საინფორმაციო დღის წესრიგია, საჭირო მომენტებში საზოგადოებას ან ვიღაც გაუგებარ მხარეს ახსენებენ, რომ აქ არის რაღაც პრობლემა, სხვა ახსნა ამ ნაბიჯს არ აქვს.
გასაგებია, რომ კითხვები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ არა იმ სიმძიმის, რაზეც არის საუბარი პროკურატურის ბრალდებებში. ფულის გათეთრება ამ ფორმულირებით ყოველ შემთხვევაში, აღარ უხსენებიათ“ - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე განმარტებით, პროკურატურა ჩაშლილი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ თიბისი ბანკის მიმართ მხარდაჭერას არ ელოდა და სწორედ ამიტომ მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს ბანკის ხელმძღვანელების მიმართ არსებული ბრალდებები.
„გუშინწინ მომხდარი მოვლენების შემდეგ, მათთვის მოულოდნელი იყო, რომ თიბისის მხარდაჭერა გამოუცხადეს. გამომდინარე იქიდან, რომ ბანკი მაინც და მაინც საზოგადოებაში არ სარგებლობს დადებითი იმიჯით, მათ საპირისპიროს იმედი ჰქონდათ.
პროკურატურას ეგონა, რომ საზოგადოება ხაზარაძეს გაკიცხავდა და აჰყვებოდა ამ კამპანიაში. რადგან ეს არ მოხდა, ჩათვალეს, რომ ხალხმა რაღაც კარგად ვერ გაიგო და კიდევ ერთხელ გაიმეორეს. ხაზარაძეს ამ გაუგებარი მოქმედებებით ყველანაირ საფუძველს უქმნიან, რომ უკვე დაიწყოს დავა, რომელიმე საერთაშორისო სასამართლოში რეპუტაციული ზიანის მიყენებაზე“ - განმარტა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადება დიდწილად იმეორებს 2019 წლის 9 იანვარს გაკეთებული განცხადების შინაარსს.

























