მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხაზარაძის გამოსვლა ახალ არენაზე ხელისუფლებისთვის პრაქტიკულად გადაულახავი პრობლემაა"

5d244578cc5f2
ელენე გოგბერაშვილი
09.07.19 11:41
9537
ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნების დაანონსება უკვე ფასდება პოლიტიკურ არენაზე როგორც ალტერნატიული ძალის გამოჩენა, რომელიც სერიოზული და გადაულახავი პრობლემა იქნება ხელისუფლებისთვის, თუ ხაზარაძემ შეცდომები არ დაუშვა.

პოლიტიკური მიმომხილველი გია ხუხაშვილი bm.ge-ისთან საუბარში ამბობს, რომ ხაზარაძის პლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენას დიდი ხანია ელოდებოდა და ეს მის მიმართ ხელისუფლების უგუნურმა ქმედებებმა განაპირობა.

„მისი გამოსვლა ამ არენაზე დიდი ხანია მწიფდებოდა და პრინციპში კანონზომიერია და სიმართლე გითხრათ, უფრო ადრეც ველოდი; მისასალმებელია მისი ამ ფლანგზე აქტიურობა და მისასალმებელია სხვა მიზეზებთან ერთად ერთი მთავარი მიზეზით, რომ ხელისუფლების მთავარი ინსტრუმენტი დღეს გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა, არის რესურსების მონოპოლიზაცია და ფაქტობრივად, არჩევნების ყიდვა. მამუკას აქვს იმის საშუალება, რომ შექმნას ალტერნატიული რესურსების ცენტრი, ეს ხელისუფლებისთვის იქნება ძალიან სერიოზული პრობლემა, პრაქტიკულად გადაულახავი, თუ სწორად იარა და ბევრი შეცდომა არ დაუშვა“, - განახადა ხუხაშვილმა.

Bm.ge-ის კითხვაზე - ამ ფონზე როგორია ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების პერსპექტივა, გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ „მამუკამ უკეთესად იცის, რა ხდება ანაკლიაზე და უკეთესად იცის მისი პერსპექტივა“.

„ის ეტყობა ხედავს გარკვეულ რისკებს ამ მიმათულებით და დგამს ამ ნაბიჯს. ხელისუფლებამ უგუნური ქმედებებით მის მიმართ ყველაფერი გააკეთა, რომ ასე განვითარებულიყო მოვლენები. ფაქტობრივად მამუკა ამ მიმართულებით გააქტიურა და დაარწმუნა ხელისუფლებამ და არავინ სხვამ. პროცესების ლოგიკამ მას სხვა გზა უბრალოდ არ დაუტოვა. მე ვფიქრობ, ხელისუფლებისთვის სერიოზული პრობლემა იქნება, თუ მამუკამ არ დაუშვა შეცდომები. მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული სპეც-ტექნოლოგიები. მას რამდენად აქვს იმის რესურსი, რომ ეს ტალახი არ აიკრას, ჯერ არ ვიცი“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ცნობისთვის: როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, ის სექტემბერში საზოგადოებრივ მოძრაობას დააფუძნებს.

ხაზარაძის თქმით, მის საზოგადოებრივ მოძრაობაში გაწევრიანდებიან ისინი, "ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა."

მისი განცხადებითვე, მიმდინარე მოვლენები საგანგაშო სახეს იღებს, რაც ქვეყანაში ეროვნული ძალების გაერთიანებას ხდის აუცილებელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები