"თიბისი ჯგუფის" თანადამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, "ლისი დეველოპმენტით" ფინანსური მონიტორინგის სამსახურია დაინტერესებული.
ამის შესახებ მან გუშინ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე პარლამენტარ მამუკა მდინარაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. დეპუტატი დაინტერესდა, ხომ არ აქვთ ინფორმაცია, რატომ დაინტერესდა ფინანსური მონიტორინგის სამსახური 11 წლის წინანდელი ტრანზაქციით "თიბისი ბანკში".
“ბატონო მამუკა (მდინარაძე) იქნებ დაინტერესდეთ, რატომ არის ფინანსური მონიტორინგის სამსახური დღეს ლისის კომპანიით დაინტერესებული? რატომ განახლდა სასამართლოში თემა, რომელიც...ლისი მაინც მთელმა საქართველომ იცის, რომ პირდაპირ ეთერში ხელის აწევით...მერე ყველა დაგვცინოდა, რამდენი თანხა გადაიხადეთო და კითხვა მაქვს: რატომ არის ლისის კომპანიაში დღეს ის მდგომარეობა? ორკესტრზე როცა ვლაპარაკობ, ძალიან ბევრი დამთხვევაა და მინდა, რომ გაერკვიოთ თქვენც”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
კონკრეტულად, რა სასამართლო პროცესს გულისხმობდა მამუკა ხაზარაძე, bm.ge მეტი დეტალის გასარკვევად "ლისი დეველოპმენტს" დაუკავშირდა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
კომპანია “ლისი დეველოპმენტი” 2010 წელს შეიქმნა, მისი მფლობელები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ბობ მეიერი არიან. კომპანია ფლობს მიწას ლისის მიმდებარედ და ადგილზე “მწვანე ქალაქს” აშენებს. თიბისი ბანკის თანადამფუძნებლები ლისზე აპირებენ ასევე "თიბისის" ახალი სათაო ოფისის მშენებლობას.

























