ხელისუფლება ვიდეოსამეთვალყურეო კამერებს კონსოლიდირებული ტენდერით შეისყიდის. შესაბამის განკარგულებას პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა ხელი.
კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად, ყველა სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციას მოუწევს, ვიდეოკამერები 2017 წლის განმავლობაში ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან შეიძინოს.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტის "უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა" ფარგლებში.
ამასთან, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად უნდა ჩატარდეს კონსოლიდირებული ტენდერები, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
"იმ შემთხვევაში, თუ კონსოლიდირებული ტენდერი შეწყდება ან დასრულდება უარყოფითი შედეგით, აღნიშნულიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში, ხელმეორედ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში, შეწყვეტილ ან უარყოფითი შედეგით დასრულებულ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისთვის სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით", - ნათქვამია განკარგულებაში.
ზოგადად, სახელმწიფო შესყიდვებში კონსოლიდირებული ტენდერები, წესისამებრ, ტარდება რამდენიმე პროდუქციაზე, ესენია: ნავთობპროდუქტები- საწვავი, კომპიუტერები, საბურავები, საბეჭდი ქაღალდი, ფიჭური კავშირგაბმულობა.

























