მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხელისუფლებამ "სერვის ეართან" ხელშეკრულება გაწყვიტა

5abd04061b566
სალომე მეცხვარიშვილი
29.03.18 19:13
1146
"საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" შიდა ფრენების განმახორციელებელ კომპანია "სერვის ეართან" ხელშეკრულება გაწყვიტა და ახალ კომპანია "აკ-ეართან" გააფორმა. ინფორმაცია bm.ge-ს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ხელმძღვანელმა ქეთი ალექსიძემ დაუდასტურა.

"სერვის ეართან" 3-წლიანი ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი კომპანიის მიერ 2018 წლის პირველი თებერვლიდან ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა.

ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ „სერვისეარის“ შავ სიაში შეყვანა მოითხოვა და შესაბამისი განაცხადით შესყიდვების სააგენტოს მიმართა. ასევე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ მიმართა სს „ბანკ ქართუს“ შესაბამისი საბანკო გარანტიების განაღდების მოთხოვნით.

ახალ კომპანიასთან ხელშეკრულების ღირებულება 919 ათას დოლარს შეადგენს. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ „აკ-ეართან“ ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვის გზით გააფორმა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, კომპანია „აკ-ეარ ჯორჯია“ 2017 წელს ბოლოს არის დარეგისტრირებული.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ახალ კომპანიასთან ხელშეკრულება შეცვლილი პირობებით დადო. კონკრეტულად კი სახელმწიფო „აკ-ეარს“ ყოველთვიურად თანხას გადაუხდის ფაქტობრივი შესრულების მიხედვით და კომპანია გარანტირებულ ყოველთვიურ ანაზღაურებას აღარ მიიღებს.

"შეწყვეტამდე არსებული ხელშეკრულების მიხედვით, დადგენილი იყო გარანტირებული ფრენა-საათები და ანაზღაურება ხდებოდა ყოველთვიურად, ფიქსირებული თანხით, მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად განხორციელებული ფრენების რაოდენობის მიუხედავად. ახალი პირობების შესაბამისად, მიმწოდებლისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა დამოკიდებული იქნება ფაქტობრივად განხორციელებულ რეისებზე. პირობების ასეთი ცვლილება გამოიწვევს მომსახურების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულების ზრდას, ვინაიდან ავიაკომპანიები ფაქტობრივად განხორციელებული რეისების საფუძველზე ანაზღაურების პირობით (გარანტირებული ფრენა-საათების არარსებობისას) ხელშეკრულების გაფორმებაზე ითხოვენ მეტ ანაზღაურებას თითოეული რეისისთვის, ნაწილი მათგანი კი სრულიადაც არ თანხმდება მსგავსი პირობით ოპერირების განხორციელებას. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მოგვცემს შესაძლებლობას დავზოგოთ ფულადი სახსრები ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც ფრენების დიდი ნაწილი შეიძლება ვერ განხორციელდეს, მაგალითად ზამთრის პერიოდში სათანადო ამინდის არ ქონის გამო ან არასაკმარისი მგზავრთნაკადის საფუძველზე",- ნათქვამია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ შედგენილ დოკუმენტაციაში.

"სერვის ეარი" შიდა ფრენებს ახორციელებდა ბათუმის, მესტიის, ქუთასის, ამბროლაურის, ბათუმის მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები