საპნებისა და კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი ქართული ბრენდი „კირკე“ საწარმოს გაფართოებას გეგმავს. კომპანიის სამომავლო გეგმებზე BM.GE-სთან მისმა დამფუძნებელმა, ნანა თავხელიძემ ისაუბრა.
მისი ცნობით, 20 კვ.მ-იანი საწარმოს გაზრდისათვის აუცილებელი ინვესტიციის მოძიებას საგრანტო კონკურსებში გასვლით აპირებს.
„2020 წელს „აწარმოე საქართველოში“ კონკურსისათვის პროექტი დავწერე და 20 000 ლარიანი გრანტი მოვიპოვე. ეს თანხა დამეხმარა, საკუთარი 20 კვ.მ ფართი საპნებისა და კოსმეტიკის შესაქმნელად აუცილებელი ინვენტარით აღმეჭურვა და საწარმოდ ჩამოვყალიბებულიყავი. მას შემდეგ ბევრად გავიზარდეთ და ფართის გაფართოების საჭიროებაც დგას. ისევ მინდა „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსება მოვიპოვო, თუმცა, ვინაიდან 2020 წელს გავიმარჯვე, ჯერ ამის უფლება არ მაქვს. გეგმაში მაქვს, რომ ქართლში მიწის ნაკვეთი შევიძინო, სადაც ვფიქრობ, უფრო დიდ საწარმოს ავაშენებ და სხვადასხვა სამკურნალო მცენარეს მოვიყვან“, - ამბობს ნანა თავხელიძე.
რაც შეეხება „კირკეს“ საექსპორტო გეგმებს, დამფუძნებლის თქმით, ხელნაკეთი საპნების საზღვარგარეთ რეალიზაცია ძალიან რთულია, რადგან საქართველოში მათი პროდუქციის სერტიფიცირებისათვის საჭირო ლაბორატორია არ არსებობს.
„პროდუქტი ექსპორტზე ვერ გამაქვს, რადგან არ არსებობს ორგანო, რომელიც ჩვენს საპნებს ვალიდურ სერტიფიკატს მიანიჭებს. არსებობს ლაბორატორია, რომელიც მსგავს დოკუმენტს იმ საპნებზე გასცემს, რომელიც ქარხნულ მონაცემებს აკმაყოფილებენ, ხელნაკეთი პროდუქცია კი სულ სხვა სტანდარტებით მზადდება. სხვა ბრენდებისგან გამიგია, რომ პროდუქცია საზღვარგარეთ წაიღეს ლაბორატორიებში და იქ მოიპოვეს სერტიფიცირება, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული“, - განმარტავს ნანა თავხელიძე.
ადგილობრივ ბაზარზე „კირკეს“ პროდუქციის შეძენა მათ „ფეისბუქ“ გვერდზე შეგიძლიათ. რაც შეეხება ფასებს, ხელნაკეთი საპნების ფასი 15-დან 20-ლარამდეა, კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებების მაქსიმალური ფასი კი 60 ლარამდეა.