ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშომლობის ფარგლებში შეიქმნა ხელოვნების ნიმუშებთან ვირტუალური ინტეგრაციის აპლიკაცია „არეალი”.
გაფართოებული რეალობის კულტურულ მემკვიდრეობასთან ინტეგრირების პროექტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პირველკურსელისა და აბიტურიენტის მიერ ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებთან ერთად განხორციელებული სტარტაპია.
ამ ეტაპისთვის, აპლიკაციაში შეტანილია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენილი ნიკო ფიროსმანაშვილის, დავით კაკაბაძისა და ლადო გუდიაშვილის 50-მდე ნამუშევრის ტექსტური და აუდიო ინფორმაცია. აპლიკაციას ასევე დამატებული აქვს ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრებზე „ფერის შეცვლის“ ფუნქცია, რაც დამთვალიერებლისთვის სახალისო და საინტერესო იქნება.
აპლიკაცია „არეალის“ გამოყენება ეროვნულ გალერეაში არსებული პლანშეტების მეშვეობით ნებისმიერი დამთვალიერებლისთვისაა შესაძლებელი. პროექტის შემდგომ ეტაპებზე, ვიზიტორთათვის აპლიკაცია ეროვნული მუზეუმის სხვა გამოფენებზეც იქნება ხელმისაწვდომი.