თბილისის მერიამ ორი დღის წინ კომპანია „ნილს“, რომელიც თბილისში საბავშვო ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებდა ხელშეკრულება შეუწყვიტა. თბილისის მერმა კახა კალაძემ მიზეზად კომპანიის მიერ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა და განმარტა, რომ „ნილს“ სერიოზული ხარვეზები ჰქონდა საკვების მიწოდებასთან დაკავშირებით.
მერიამ კომპანიას არაერთი გაფრთხილება მისცა, რაც არ იქნება გამოსწორებული.
კომპანია „ნილი“ პირველ ვრცელ კომენტარს აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით bm.ge-ისთან აკეთებს.
კონპანიის გენერალური დირექტორის კახა გიორგაძის განცხდებით, ინფორმაცია მერიის მხრიდან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ მედიიდან გაიგეს და თბილისის მერიას მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
გიორგაძე აღიარებს, რომ ნამდვილად ჰქონდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათი მხრიდან საკვების მიწოდებასთან დაკავშირებით ხარვეზებს ადგილი, თუმცა ეს არ შეიძლება ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი გამხდარიყო.
„ხარვეზები იყო ბოლო 2 კვირის მანძილზე, მაგრამ ხელშეკრულება არ უნდა გაწყვეტილიყო. დაგვიანება იყო, კონკრეტულად რამდენიმე რაიონში და არა - მთელ ქალაქში, თუმცა ის კალორია, რაც უნდა მიიღონ ბავშვებმა დღის მენიუთი მიიღეს. მაგალითად, ბანანი, რომელიც უნდა მიიღოს ბავშვმა დღის 12 საათზე, მოგვიანებით იქნა მიწოდებული ჩვენ მიერ და მიიღო ბავშვმა 14 საათზე. ამ ტიპის დარღვევებზეა საუბარი“, - აცხადებს გიორგაძე.
კომპანიას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს სასამართლოს გზით გააგრძელებს თუ არა დავას მერიასთან, თუმცა როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, გასაჩივრებას, რა თქმა უნდა, აპირებენ.
„საგარანტიო მაქვს იმხელა წარდგენილი, ჩემი კომპანია ნადგურდება, ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ. გაჩუმებული ვარ ამ წუთამდე, მოქმედებებს არ ვატარებ, ჯერ მინდა გავერკვე, რა მოხდა ჩემს თავს.
პირველ რიგში, გვინდა მერიასთან გვქონდეს კონტაქტი, გავესაუბრო. 14 თვის მანძილზე არ დაფიქსირებულა არანაირი ხარვეზი, ამით ამაყი ვარ. არავინ არაფერი არ გაითვალსიწინა, ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, გაეწყვიტათ ხელშეკრულება“, -აცხადებს გიორგაძე.
კომპანიის ინფორმაციით, ამ წუთებში წყდება საკითხი, ვინ ჩაანაცვლებთ მათ.
„საერთოდ არ ჰქონდათ კომუნიკაცია ჩვენთან, კავშირზე არ გამოდიან“, - ამბობს გიორგაძე.
რაც შეეხება ხელშეკრულების გაწყვეტით მიყენებულ ზარალს, „ნილში“ აცხადებენ, რომ ზარალი მილიონ 200 ათას ლარს აჭარბებს.
დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და რომელიმე მათგანთან ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება. მანამდე კი, კვებით მომარაგებას თავად საბავშვო ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები უზრუნველყოფენ.

























