მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხემსი" წარმოების ახალი ხაზის დამატებისთვის ემზადება – გეგმები და გამოწვევები

5e87615c30198
ნუცა ბაზლიძე
03.04.20 22:00
1116
სწრაფი კვების ვეგეტარიანული ბრენდი „ხემსი“ წარმოების ახალი ხაზის დამატებისთვის ემზადება. ამის შესახებ BM.GE „ხემსის“ თანადამფუძნებელ აგატა გოგიშვილს ესაუბრა.

ამ ეტაპზე, „ხემსი“ მომხმარებლებს საკვების მიტანის სერვისს სთავაზობს, რასაც „გლოვოსა“ და „ვოლტთან“ თანამშრომლობით უზრუნველყოფს.

„გვაქვს ვეგეტარიანელებზე მორგებული, დაბალანსებული პროდუქცია. ვიყენებთ პრემიუმ ხარისხის პროდუქტებს“ - აღნიშნავს აგატა გოგიშვილი.

რაც შეეხება წარმოების დამატებით ხაზს, ეს პროექტი პროდუქციის მეტი ინტენსივობით დამზადებასა და სუპერმარკეტების ქსელში შეტანას უკავშირდება. აღნიშნული პროცესი კორონავირუსის ეფექტმა შეაფერხა, თუმცა სამომავლოდ მისი განხორციელება მაინც იგეგმება. „ხემსის“ თანადამფუძნებლის განმარტებით, პროექტის ფარგლებში დამატებით დაახლოებით 15 ადამიანი დასაქმდება.

როგორც აგატა გოგიშვილი აღნიშნავს, მან ბიზნესი თანადამფუძნებელ ნინო ტოგონიძესთან ერთად, მათივე პირადი სახსრებით აამოქმედა, უკვე ახალი პროექტის განხორციელებისთვის კი „ხემსის“ წარმომადგენლებს „თიბისი ბანკის“ სტარტაპერებისთვის განკუთვნილი სესხი დაეხმარათ.

სამომავლო გეგმებში „ხემსის“ კაფის გახსნაც მოიაზრება. მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე აღნიშნულიც შეფერხდა, თუმცა აგატა გოგიშვილი იმედოვნებს, რომ ჩანაფიქრს მაინც განახორციელებენ.

რაც შეეხება მიმდინარე საქმიანობას, „ხემსის“ თანადამუძნებლის განმარტებით, ბოლო პერიოდში მოთხოვნა შედარებით გაიზარდა. მისივე განმარტებით, „ხემსის“ თითო დასახელების პროდუქტის შეკვეთა მომხმარებლებს 8-15 ლარის ფარგლებში შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები