ქართული ჩანთები, რომელსაც ვლადიმერ ქარქაშაძე ქუთაისში ,,ხილინდარის“ ბრენდით აწარმოებს, რამდენიმე ქვეყანაში იყიდება. როგორც მეწარმემ Bm.ge-ს განუცხადა, პროდუქცია სრულიად ნატურალური ნედლეულით, ტყავით და ხით იწარმოება, რომელიც საქართველოშია დამზადებული. ,,ხილინდარის“ ჩანთები და აქსესუარები უკვე გავიდა გერმანიაში, საფრანგეთში, ამერიკაში, უკრაინაში და რუსეთში. საქართველოში კი მისი რეალიზაცია სამ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ხდება.
"ხილინდარი“ ძველი ქართული სიტყვაა და სულხან საბას ლექსიკონის მიხედვით ჩანთას ნიშნავს. სწორედ ამიტომ დავარქვი ბრენდს ეს სახელი. ნაწარმი სრულიად ეროვნულია, რადგან მასალა, რასაც მისი წარმოებისას ვიყენებ მხოლოდ ქართულია. ერთადერთი, რაც დეფიციტურია რკინის დეტალებია, საკეტები და სხვა, რომელიც საქართველოში არ იწარმოება და თუ ვინმე მას დაამზადებს შევიძენ. ოჯახური წარმოება 2015 წლიდან, 5 ათას ლარიანი გრანტით დავიწყეთ და მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. პროდუქციას ვყიდით ინტერნეტის საშუალებითაც“ - განაცხადა ვლადიმერ ქარქაშაძემ.
"ხილინდარის“ ჩანთების ფასი 100-დან 250 ლარამდეა, აქსესუარების, კერძოდ საფულეები და სათვალეების ჩასადები ყუთების ფასი კი 15-დან 45 ლარამდეა.

























