„ხეკუთხედის“ სახელოსნო მომხმარებელს ხისა და კერამიკის მასალისგან შექმნილ საინტერესო და ინდივიდუალური დიზაინის მქონე ნივთებს სთავაზობს. სტარტაპის ნამუშევრები „გალერეა 27-სა“ და „გალერეა ნინარეაშია“ განთავსებული. რაც შეეხება რეალიზებას, ხისა და კერამიკის ნაწარმი ძირითადად „ხეკუთხედის“ ფეისბუქისა და ინსტაგრამის გვერდების საშუალებით იყიდება. მათი ფასი კი 30 ლარიდან 1 000 ლარამდე მერყეობს.
ხეკუთხედის დამფუძნებელი გიორგი რობაქიძე bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საზოგადოების დაინტერესება სტარტაპის მიმართ მაღალია და მას ქართველთან ერთად უცხოელი მომხმარებელიც ჰყავს.
„ხეკუთხედის სახელოსნო სამი წლის წინ გაჩნდა, როდესაც ოჯახი შევქმენით და გადავწყვიტეთ, რომ საყვარელი საქმიანობა შემოსავლის წყაროდ გვექცია, სახელოსნოში მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე, ელენე ჩლაიძე, ვმუშაობთ, მომხმარებელს ინდივიდუალური დიზაინით შექმნილ ნივთებს ვთავაზობთ, ნამუშევრების უმეტესობა სინთეზურია, იქიდან გამომდინარე, რომ ერთმანეთს ამშვენებს, ხეკუთხედის ძირითადი ხაზი ინდივიდუალური და საინტერესო დიზაინის ნივთებისთვის ყოველდღიურობაში გამოყენებითი ფუნქციის შეძენაა, სამომავლოდ გვსურს საქმიანობა გავაფართოვოთ და ჩვენს მომხმარებელს მეტად მრვაალფეროვანი ნამუშევრები შევთავაზოთ“ - ამბობს გიორგი რობაქიძე.

























