ხისა და ლითონის კარების საწარმო "მეგადორსი" ხვალ ოფიციალურად გაიხსნება. შპს "ოცნებამ", რომელიც სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტირებით და რეალიზაციით იყო დაკავებული, "აწარმოე საქართველოში" პროექტის მხარდაჭერით საკუთარი ბრენდი "მეგადორსი" შექმნა და წარმოება დაიწყო.
კომპანია ასზე მეტი სახეობის ხისა და ლითონის კარს დაამზადებს, რომელსაც სერიულად გამოუშვებს, თუმცა, ინდივიდუალურ შეკვეთებზეც იმუშავებს.
საწარმო თანამედროვე სტანდარტების მანქანა-დანადგარებით არის აღჭურვილი და მისი წარმადობა ამჟამად თვეში 2 000 კარია, თუმცა, ახლო მომავალში წარმოების მოცულობის გაორმაგებას გეგმავენ, რის შემდეგაც პროდუქციას ესქპორტზე თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში და ყაზახეთში გაიტანენ.
საწარმოში ამ ეტაპზე საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 -ის დანერგვა მიმდინარეობს.
“მეგადორსი“ პროექტის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული კომპონენტით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ორი წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ "აწარმოე საქართველოში" განახორციელებს. კომპანიას ქონების ეროვნული სააგენტოსგან ასევე 5 184 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა. პროექტში ჯამში 2 424 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო, ამჟამად იქ 42 ადამიანია დასაქმებული, წლის ბოლომდე კი დამატებით 20 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
ხვალ საწარმოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნის.

























