სამი თვის წინ, ქართულ ბაზარზე „ოვერსაიზ“ ტანსაცმლის მწარმოებელი ახალი ბრენდი „უზომო“ გამოჩნდა. როგორც გადაცემა „ქალების ნარატივში“ ბრენდის თანადამფუძნებელმა, გიგი გელაშვილმა ისაუბრა, „უზომო“ ძირითადად სპორტული ტანსაცმლის ხაზს აწარმოებს, რომელიც განკუთვნილია ყველასთვის, XL-დან 7XL-მდე. „უზომო“ სპორტული ტანსაცმლის გარდა აწარმოებს ქუდებსაც.
„ბრენდის შექმნის იდეა ძალიან დიდი ხნის წინ, დაახლოებით 5 წლის წინ დეიდაჩემს გაუჩნდა, თუმცა გარემოებებიდან გამომდინარე ვერ ხერხდებოდა იდეის ხორცშესხმა. შემდეგ კი, მე და ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა გადავწყვიტეთ მოგვეყარა ყველაფრისთვის თავი და სამი თვის წინ 10 ათასი ლარის ინვესტიციით იდეას უკვე სერიოზული სახე მივეცით.“ - განაცხადა გიგი გელაშვილმა.
„უზომო“ ძირითადად სპორტული ტანსაცმლის ხაზს აწარმოებს, რომელიც განკუთვნილია ყველასთვის, XL-დან 7XL-მდე. აწარმოებს ასევე ქუდებს. თუმცა, ბრენდი ყოველდღიური და კლასიკური ტანსაცმლის ხაზის დამატებასაც გეგმავს.
„ამ ეტაპზე, მხოლოდ ონლაინ მაღაზიით დავიწყეთ. თუმცა, ახლო მომავალში ვგეგმავთ, ფიზიკური მაღაზიაც გავხსნათ. გეგმები ამასთან დაკავშირებით თანდათან ლაგდება და სერიოზულ სახეს იღებს. უბრალოდ, ჯერ გვინდა ხალხმა ძალიან კარგად გაიცნოს ეს ბრენდი და მიხვდეს, თუ რამდენად მაღალხარისხიანი პროდუქცია გვაქვს, რამდენად ვერგებით იმ მოთხოვნებს, რაც არსებობს საქართველოში და როგორც კი რაღაც კონკრეტულ რაოდენობას მივაღწევთ კმაყოფილი და ერთგული მომხმარებლების, შემდეგ უკვე გარანტირებულად გაიხსნება ფიზიკური მაღაზიაც. დიდი იმედი გვაქვს, რომ 2024 წლის ბოლომდე ეს პროექტი განხორციელდება“,- აცხადებს გელაშვილი.
„უზომოს“ ტანსაცმლის ფასები 45 ლარიდან 90 ლარამდე მერყეობს. ბრენდი თვის განმავლობაში 50-დან 100-მდე ნივთის რეალიზაციას ახდენს. ამ ეტაპზე, კომპანია ქართული ბაზრის ათვისებას და სპორტის სამყაროში ფეხის მოკიდებას გეგმავს. ხოლო სამომავლოდ, ექსპორტსაც.
„ჩვენ გვაქვს ამის ძალიან დიდი პოტენციალიც და შესაძლებლობაც, რომ საქართველოს ფარგლებს გავცდეთ და მოვიცვათ როგორც ევროპის, ასევე აზიის და ამერიკის ქვეყნები, თუმცა ამ ეტაპზე ეს ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს, ვინაიდან ჯერ ქართული ბაზრის საკმაოდ კარგად ათვისებას ვგეგმავთ. ვაპირებთ, უშუალოდ სპორტის ძალიან მაღალ დონეზე ათვისებას. გვინდა ხალხმა ეს ბრენდი გაიცნოს, როგორც არამხოლოდ „ოვერსაიზ“ ტანსაცმელი, არამედ უშუალოდ ვარჯიშის დროს კომფორტული ტანსაცმელი, რომელიც ერგება XL-დან 7XL-მდე ადამიანებს. გვინდა ჩვენი ბრენდი ასოცირდებოდეს სპორტთან და ჯანსაღ ცხოვრებასთან.“- აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის „ოვერსაიზ“ ტანსაცმლის ქართული ბრენდი „უზომო“ ბაზარზე 2023 წლის ნოემბერში გამოჩნდა, რომლის გუნდიც ამ ეტაპზე 10 ადამიანისგან შედგება.