საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ შესული ცვლილებების ამოქმედების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით 35 გამოძახება დაფიქსირდა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 4 სამართალდამრღვევს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გაფრთხილება მისცეს, დანარჩენ შემთხვევებში - რეაგირების ოქმი შეადგინეს, 2 შეტყობინების ინიციატორი კი შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო ეკიპაჟს არ შეხვდა.
„კანონმდებლობის შესაბამისად, იმისათვის, რომ დადგინდეს აკუსტიკური ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტი, საპატრულო ეკიპაჟს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შევიდეს შესაბამისი საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიებზე. თუმცა, რიგ შემთხვევებში, მოსახლეობამ საპატრულო ეკიპაჟებთან არ ითანამშრომლა”,- ნათქვამია განცხადებაში.
ახალი რეგულაცია, რომელიც პარლამენტმა ივნისში დაამტკიცა, 15 აგვისტოდან ამოქმედდა.
პირველ ჯერზე სამართალდარღვევა ითვალისწინებს ფიზიკური/იურიდიული პირის გაფრთხილებას.
ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორება იწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის - 150 ლარის, ხოლო იურიდიული პირის 500 ლარის ოდენობით.
ერთი წლის განმავლობაში ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ მესამე და ყოველი შემდგომი სამართალდარღვევის ჩადენისას გათვალისწინებულია ჯარიმა ფიზიკური პირისათვის - 300 ლარის, ხოლო იურიდიული პირისათვის 1000 ლარის ოდენობით.

























