მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხობის დაფნის გადამამუშავებელი საწარმო მხოლოდ 10%-იანი დატვირთვით იმუშავებს

5bd9c9cd665bb
მაია ბიწაძე
31.10.18 20:00
3060
შპს ,,მარსის“ დაფნის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ხობში ემზარ ბასილაიამ ააშენა, სრული დატვირთვით ვერ იმუშავებს, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა თავად განუცხადა. საწარმოს, რომელიც ბასილაიამ 1,5 მილიონიანი პირადი ინვესტიციით ააშენა, სექტემბრიდან სრული სიმძლავრით უნდა დაეწყო მუშაობა, თუმცა ეს ვეღარ მოახერხა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ დაპირებული აგრო სესხი, რომელიც მისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა მიეცა, აღარ გამოუყვეს.

,, ველოდებოდი 150 დოლარის ოდენობით დაფინანსებას, რომელიც საჭირო დანადგარების შესაძენად და დასამონტაჟებლად მჭირდებოდა. ყველა დეტალი სამინისტროსთან გავლილი მქონდა და თანხმობაც მიღებული, თუმცა ბოლო მომენტში უარი გამომიცხადეს. არადა თურქეთშიც კი ნამყოფი ვიყავი და შეთანხმებული კომპანიასთან, საიდანაც დანადგარები უნდა შემეძინა, მათი სპეციალისტებიც იყვნენ ჩამოსული საწარმოში. აქამდე სრულად ჩემი ინვესტიციით გავაკეთე ყველაფერი, ახლაც ჩემი სახსრებით ვყიდულობ დაფნას, შესაბამისად საწარმოს მხოლოდ 10%-იანი დატვირთვით ვამუშავებ“ - განაცხადა ემზარ ბასილაიამ.

როგორც განმარტავს, საწარმოში 100 ადამიანი უნდა დასაქმებულიყო და დღეში 4-5 ტონა ნედლი დაფნა გადაემუშავებინა, საიდანაც ერთ ტონა მშრალ დაფნას მიიღებდნენ.
“სეზონზე მინიმუმ 200 ტონა მშრალი დაფნის მიღებას ვგეგმავდი, ამ სიმძლავრეებით კი მხოლოდ მაქსიმუმ 30 ტონის წარმოებას შევძლებ. ნედლეულს ხობის რაიონის მიმდებარე სოფლებიდან ვიბარებთ, სადაც სეზონზე 4-5 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი მოდის. ეს მთელს საქართველოში მოსული დაფნის მოსავლის თითქმის 80%-ია, რადგან ქვეყანაში სულ 6 ათასი ტონა დაფლის ფოთოლი იკრიფება “ - განაცხადა ემზარ ბასილაიამ.

მისივე განმარტებით, პროდუქციის გასაღების ბაზრებიც უკვე მოძებნილი აქვს, დაფნის ფოთოლი 100%-ით საზღვარგარეთ გაიყიდება. კომპანია "მარსი" ექსპორტს უკრაინაში, რუსეთში და პოლონეთში განახორციელებს. როგორც მეწარმე ამბობს, დაფნის ფოთოლზე დიდი მოთხოვნაა და მისი რეალიზაცია უპრობლემოდ შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ დაფნის საწარმომდე ადგილზე ბიზნესმენს ასანთის ქარხანა უნდა აეშენებინა, თუმცა, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ბანკებმა მას სესხი არ გამოუყვეს, რადგან ბიზნესპროექტი არაკონკურენუტნარიანად ჩათვალეს. აღნიშნულის შემდეგ ბიზნესმენმა ადგილზე დაფნის საწარმოს გახსნა გადაწყვიტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები