შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისის ხეობაში, ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში ხეობის მოსახლეობას ხვდება.
გახარიამ შეხვედრის დაწყებამდე მცირე კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან და ასევე, ხეობაში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.
„ჰესის საწინაღმდეგო თუ ხართ, ჩვენ ხომ ერთი ვართ, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხომ ძმები ვართ, ძმურად გვიცხოვრია, რისი გულისთვის? – 5-მეგავატიანი ჰესის გულისთვის, რაზეც ლაპარაკი შეიძლებოდა, ფორმაში ადამიანებს ქვები ესროლეთ?! ასე ხომ არ შეიძლება? აგერ მოვედი, ვდგავარ და ვილაპარაკოთ“, - ასე მიმართა ხეობაში ჩასულმა გიორგი გახარიამ პანკისელებს.
გახარიას თქმით, პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას 15 პოლიციელი დაშავდა.
„ვფიქრობ, როცა შსს-ს ჰყავს 15 მოსამსახურე დაზრალებული, როდესაც ტექნიკა იწვის, ახლა სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ და ჰესზე ვისაუბროთ შემდეგ“, - განაცხადა გახარიამ.
ამასთან, გახარიამ პანკისში სპეცრაზმის შეყვანასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.
„შს სამინისტროს ოფიციალურად მიმართა ეკონომიკის სამინისტრომ და მათ ითხოვეს მხარდაჭერა უსაფრთხოების მიზნით, რადგან დღეს იწყებოდა მშენებლობა, ამიტომ დილითმ როდესაც მშენებლები აქ გამოვიდნენ, მათ ამოჰყვა 35 პოლიციელი. მას შემედეგ, რაც მოხდა მათზე თავდასხმა, სამწუხაროდ, და მათ დაუშინეს ქვები, რა თქმა უნდა, შსს იყო იძულებული, რომ ძალების მობილიზება მოეხდინა. აქ უნდა დავსვათ წერტილი“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, შს სამინისტროს ვერავინ შეუზღუდავს მოქმედების არეალს და ის ვალდებულია, დაიცვას ყველას უსაფრთხოება.
გიორგი გახარია ამ წუთებში პანკისის ხეობის მოსახლეობას ხვდება. შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ადგილზე მივიდა ინვესტორი კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანშვილიც.
ხეობაში იმყოფება კიდევ ორი მინისტრი - მაია ცქიტიშვილ და ლევან დავითაშვილი.

























