ხორბლისა და ფქვილის ფასებზე ახალ წლამდე სტაბილურობა შენარჩუნდება. როგორც „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა ამბობს, ეს რუსეთში ხორბლის რეკორდულად დიდი მოსავლით არის განპირობებული.
მისივე თქმით, ქვეყანაში ხორბლის მარაგის თვალსაზრისით ქვეყანაში 2-3 თვე პრობლემები არ შეიქმნება.
„რუსეთს წელს რეკორდული მოსავალი აქვს და შესაბამისად, საექსპორტო გასაყიდი მაჩვენებელი 50 მლნ ტონაა, რაც ძალიან მაღალია. შესაბამისად, ეს რეგიონალურად აისახება ჩვენს ბაზარზეც და აქედან გამომდინარე, დღეს როგორც ფქვილის, ისე ხორბლის შემოტანის ფასი სტაბილურია. 1 ტომარა ფქვილის გასაყიდი ფასი არის 70 ლარის ფარგლებში, ხოლო 1 ტონა ხორბლის შემოტანის ფასი 300$-320$ ფარგლებშია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალ წლამდე მარაგების თემაზე სანერვიულო არ გვექნება“, - თქვა სილაგავამ.
ხორბლისა და ფქვილის ფასზე გავლენა აქვს „მარცვლეულის დერეფნის“ შეთანხმებასაც, რომლის 6-თვიანი ვადა 19 ნოემბერს სრულდება. ლევან სილაგავა ამბობს, რომ მხარეები (რუსეთი, უკრაინა, თურქეთი, გაერო) ახლა შეთანხმების 1 წლით გაგრძელებაზე იმსჯელებენ.
„19 ნოემბერს მარცვლეულის დერეფნის ვადა იწურება და მხარეებმა მის გაგრძელებაზე უნდა იმსჯელონ. გარკვეული პოზიტიური სიგნალები უკვე არსებობს. გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთთან შეთანხმება მიღწეულია მსოფლიო ბაზარზე მათი სასუქების და ხორბლის გატანასთან დაკავშირებით, რაზეც რუსეთს ჰქონდა პრეტენზია. იმ დადებითი სიგნალებიდან გამომდინარე, რომელიც გაეროდან, თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებიდან მოდის, მსოფლიო ელოდება სტაბილიზაციას. ეს დერეფანი მუშაობდა 6 თვის განმავლობაში, ახლა მიდის მუშაობა, რომ 1 წლიანი შეთანხმება შედგეს, რაც მეტ სტაბილურობას შესძენს მსოფლიო ბაზარს“, - თქვა ლევან სილაგავამ.