"ევროპული საქართველოს" დეპუტატი ელენე ხოშტარია სებ-ის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს კითხვით მიმართავს.
ხოშტარიას თქმით, გვენეტაძემ უნდა დაადასტუროს ან უარყოს მამუკა ხაზარაძის მიერ საკომიტეტო მოსმენაზე გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, გვენეტაძე მას თანამდებობიდან გადადგომის სანაცვლოდ ჰპირდებოდა, რომ გამოაქვეყნებდა წერილს, რომლითაც ფულის გათეთრების ბრალდებას გააქარწყლებდა.
ხოშტარია ამბობს, რომ დღეს ეროვნული ბანკი ამ პროცესში სახელმწიფოს მძევალს წარმოადგენს.
“სახელმწიფო მანქანა ამ პროცესში თქვენი ჩაყოლებით არის დაკავებული კანონის დარღვევით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ამოჩემებული ადამიანის განადგურებით და ამაში იყენებს ყველა ინსტრუმენტს.
ბატონო კობა, გთხოვთ, იქნებ გაგვაგებინოთ, ფულის გათეთრებაზე საერთოდ პოზიცია არ მაქვსო ახლა იძახით, “ვერ ვიტყვი არის თუ არა გათეთრება”, ამასთანავე ბატონი მამუკა ხაზარაძე როდესაც იყო კომიტეტზე, საუბრობდა კონკრეტულ გარემოებებში თქვენთან კომუნიკაციაზე, პირად საუბარზე, სადაც თქვენ მას ჰპირდებოდით წერილს, სადაც იქნებოდა ახსნილი, რომ ფულის გათეთრების პრობლემა არ არის. ასევე იყო საუბარი იმაზე, რომ ამ წერილის სანაცვლოდ, მას ეუბნებოდით რომ გადამდგარიყო თანამდებობიდან. ადასტურებთ თუ არა ამას? არსებობს დოკუმენტი, სადაც ამბობთ რომ თქვენ ინსპექტირებაში საუბარი იყო მხოლოდ ინტერესთა კონფლიქტზე და არა ფულის გათეთრებაზე. გაგვაგებინეთ როგორმე, ფულის გამთეთრებლის იარლიყი რომ მიაწებეთ ამ ადამიანს, თქვენ ცალკე ხართ? მაშინ გვითხარით რომ პროკურატურამ ტყუილად მიაწება, ტყუილი იყო ეს, არასწორი იყო ეს და თქვენ ამას არ ეთანხმებით. ამასაც ვერ გვეუბნებით. ყველაფერი გააკეთეთ და ახლა გვეუბნებით, რომ “არ ვიცი, ვერ ვიტყვიო”. ახლა მაინც დაიკავეთ მკაფიო პოზიცია. ახლა მაინც გამოძვერით ამ კრიმინალური ოპერაციიდან,” - ამბობს ხოშტარია.

























