მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხრუშჩოვკების" ჩანაცვლებაზე მერიის გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში არქის შვილობილმა გაიმარჯვა

5d036a25a0290
შოთა ტყეშელაშვილი
14.06.19 14:00
3135
BMG-ისთვის ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქის მერიის მიერ ვარკეთილის რაიონში მდებარე "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების ინტერესთა გამოხატვის გამარჯვებული შპს “ვარკეთილი დიველოფმენთი” გახდა.

"ინტერესთა გამოხატვა იყო გამოცხადებული. არის გამარჯვებული კომპანია. ეს არის პირველი საპილოტე პროექტი ვარკეთილში. უახლოეს მომავალში ალბათ დაიწყება მშენებლობა", - აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, შპს “ვარკეთილი დიველოფმენთი” 2019 წლის 12 მარტს არის დაფუძნებული და ის “არქი ჯგუფის” შემადგენელი ნაწილია.

კომპანიის 50%-იან წილს “არქის” დამფუძნებლის დეპუტატს ილია წულაიას ძმა თენგიზ წულაია ფლობს, ხოლო 50%-იანი წილის მფლობელი კომპანია "არქის" კიდევ ერთი მეწილე დიმიტრი ადამიაა. კომპანიის დირექტორად სწორედ დიმიტრი ადამიაა რეგისტრირებული.

თბილისის მერიამ ვარკეთილში, მესამე მასივში ავარიული კორპუსების - ე.წ. "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტის განსახორციელებლად ინტერესთა გამოხატვა რამდენჯერმე გამოაცხადა, ამ კონკურსებში დეველოპერული სექტორის აქტივობა მაღალი არ იყო, საბოლოო ინტერესთა გამოხატვაში კი “ვარკეთილი დიველოფმენთმა” გაიმარჯვა.

BMG "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტთან დაკავშირებით კომპანიის წარმომადგენელთა კომენტარებს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები